ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით სპირტის ბიზნესში დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპირტის ბიზნესში დანაშაულებრივი სქემა აღმოაჩინა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2006-2007 წლებში საქართველოში შეიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, რომლებიც 2012 წლის ოქტომბრამდე ვითომდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებდნენ, სინამდვილეში კი მათ ერთიდაიგივე პიროვნებები მართავდნენ. აღნიშნული შპს-ებს საქართველოში ხორბლის 96%-იანი სპირტის შემოტანა, გადამუშავება, დაძველება და შემდეგ მისი რეექსპორტისა და ექსპორტის რეჟიმებით საზღვარგარეთ გატანა უნდა განეხორციელებინათ.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიები შემდეგი დანაშაულებრივი სქემით მოქმედებდნენ:

ერთ კომპანიას - შპს “განთიადს” უკრაინიდან საქართველოში შემოჰქონდა ხორბლის 96%-იანი სპირტი, რომელსაც გადამუშავების რეჟიმში აქცევდა და ყიდვა-გაყიდვის შესაბამისი პროცედურების გარეშე გადასცემდა მეორე კომპანიას - შპს “ნაფარეულს”, რომელიც თავის მხრივ, ტექნოლოგიური  “მანიპულაციებით” ხორბლის სპირტისგან ღებულობდა საკონიაკე სპირტს. კომპანია “განთიადს” სჭირდებოდა გადამუშავების რეჟიმში მოქცეული ხორბლის სპირტის დოკუმენტალური “განაშთვა”, რომელიც რეალურად მას უკვე გადაცემული ჰქონდა ქვეყნის შიგნით კომპანია “ნაფარეულისთვის”.

სამინისტროს ცნობით, ამის შემდეგ, სქემაში ერთვებოდა საქართველოს საბაჟო სამსახური, რომლის თანამშრომლებიც საბაჟო დეკლარაციებსა და აღრიცხვის მოწმობებში ყალბი მონაცემების შეტანით, ასრულებდნენ საბაჟო პროცედურებს და ადასტურებდნენ საბაჟო დოკუმენტაციის სისწორეს, რის მიხედვითაც საქონელმა ვითომდა, დატოვა საქართველოს ტერიტორია.

„ამავე სქემით ყალბდებოდა საბაჟო დოკუმენტაცია ხორბლის სპირტის ტრანზიტის დროსაც. საქონელი იმპორტის რეჟიმში მოქცევისა და საბაჟო გადასახდელების გადახდის გარეშე იყიდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ საბაჟო სამსახურის მონაწილეობით, საბაჟო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანით, ფიქსირდებოდა რომ საქონელმა თითქოს დატოვა საქართველოს ტერიტორია“, - წერია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ამ დანაშაულებრივმა ქმედებებმა სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენეს.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ძიებას აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. დაკავებულნი არიან კომპანიების ფაქტიური მმართველები და საბაჟო მოხელეები. ძიების მსვლელობისას გამოიკვეთა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა კომპანიების მონაწილეობაც.

კომენტარები