ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მისაკუთრებაზე 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნის მიზნით, მათ სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებს შორის, ფიქტიურად გაწერეს 215 000 ლარის ღირებულების მუსიკალური აპარატურის მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ უსაფუძვლოდ წარმოშობილ დღგ-ს ზედმეტობას, 32 796 ლარის ოდენობით.

"გამოძიების პროცესში დროულად და ეფექტურად გატარებული ღონისძიებების შედეგად, სრულადაა ანაზღაურებული ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი". – ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გრძელდება. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები