წერილი

დევიდ ლიდინგტონის ღია წერილი

ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში

ამ კვირაში მე პირველად დავდგი ფეხი საქართველოში - ლამაზ ქვეყანაში, რომლის ნახვაც დიდი ხანია მინდოდა. მიხარია, რომ აქ ვარ და დემოკრატიზაციის და განვითარების თვითმხილველი გავხდი ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან ქვეყანაში. წინა თვეში საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მომენტი ვიხილეთ - პირველად ძალაუფლების მშვიდობიანი დემოკრატიული გზით გადაცემა. დიდი ბრიტანეთი მოხარულია, რომ მონაწილეობა მიიღო არჩევნების მონიტორინგში და გააკეთა დასკვნა, რომ არჩევნები მეტწილად თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა. ეს დიდი მიღწევაა და ამ მხრივ საქართველო ბევრ სხვა ქვეყანას უსწრებს რეგიონში.

შედეგად მივიღეთ ახალი მთავრობა პრემიერმინისტრ ივანიშვილის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის და მთავრობის უპრეცედენტო თანაარსებობა, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან. ეს არ იქნება ადვილი. მიუხედავად ამისა, საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ყველა სტრუქტურამ და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ითანამშრომლოს, რათა მოხდეს კონსოლიდაცია და საქართველოს დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობა, რაც კეთილდღეობის და სტაბილურობის საწინდარი იქნება. როგორც დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი, მე მხარს ვუჭერ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მჯერა, რომ მომავალი ინტეგრაცია ევროკავშირში და ნატოში საქართველოს კეთილდღეობას და უსაფრთხოებას მოუტანს. მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება მუდმივ რეფორმებზე და ყველა მხარის ძალისხმევაზე ამ მიზნების მისაღწევად.

მე ვიცი, რომ ბოლოდროინდელმა დაპატიმრებებმა გარკვეული უთანხმოება გამოიწვია. როგორც მინისტრს და პარლამენტარს, მჯერა საჯარო სამსახურის მაღალი სტანდარტების. ჩვენ მუდამ უნდა დავრჩეთ ანგარიშვალდებულნი ამომრჩეველთა წინაშე. თუ სამართალდარღვევა მოხდა, აუცილებელია, რომ ეს გამოძიებულ იქნას. თუმცა გამოძიება უნდა იყოს გამჭვირვალე, პროპორციული და ჩატარდეს სამართლებრივი პროცესის დაცვით. ნებისმიერი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ამ კუთხით მოერიდოს პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებას. იმედი მაქვს, რომ ყველა მხარე შეძლებს ერთად მუშაობას საქართველოში მმართველობის მაღალი სტანდარტების მისაღწევად.

დიდი ბრიტანეთი განაგრძობს თავისი როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ჩვენ დიდი წვლილი მიგვიძღვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და ინვესტიციას ვდებთ მრავალ პროექტში, რომელთა მიზანია კონფლიქტების მოგვარება და ნდობის განმტკიცება დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის. დიდი ბრიტანეთი კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობა, თუ წარმატების მიღწევა გვინდა. ასევე მჯერა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს და რუსეთს შორის უკეთესი ორმხრივი ურთიერთობის ჩამოყალიბება და მივესალმები ზურაბ აბაშიძის რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნას.

ამ კვირაში ვაპირებ ქართველ კოლეგებთან შეხვედრას და მათი შეხედულებების მოსმენას თქვენი მომავლის შესახებ. ბრიტანული კომპანიები გააგრძელებენ ინვესტიციების ჩადებას. „ბრითიშ პეტროლეუმი“ ერთ-ერთი ძირითადი დამსაქმებელია, „ბრიტანეთის ავიახაზებმა“ ახლახან დაიწყო პირდაპირი რეისები ლონდონში, გასულ კვირას ვნახეთ, რომ „მარკს ენდ სპენსერი“ იწყებს ბიზნესს თბილისში. ბრიტანეთის საელჩოში ჩვენი ახალი კომერციული განყოფილება ძალისხმევას არ იშურებს, რომ გააუმჯობესოს ვაჭრობა და ინვესტიცია ორ ქვეყანას შორის, ქმნის მეტ დოვლათს და სამუშაო ადგილებს.

2012 წელი აღსანიშნავი წელი იყო ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოში გაიმართა მნიშვნელოვანი არჩევნები. დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნა მისი უდიდებულესობის, დედოფლის ბრილიანტის იუბილე და ჩაატარა ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები. დიდი ბრიტანეთის და საქართველოს გუნდებმაც დიდ სპორტულ წარმატებას მიაღწიეს. ვულოცავ საქართველოს ბრწყინვალე გამარჯვებას. 2012 წელს ასევე აღვნიშნავთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლისთავს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა კვლავ მტკიცეა და კიდევ უფრო განმტკიცდება. დიდი ბრიტანეთი ამაყობს იმით, რომ საქართველოს მეგობარია.

დევიდ ლიდინგტონი

ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში

 

კომენტარები