მთავარი პროკურატურა

მთავარი პროკურატურა ჩვენებებს აქვეყნებს

მთავარი პროკურატურა შსს-ს თანამშრომლეთა ჩვენებებს აქვეყნებს. პროკურატურის ვებგვერდზე ორი ჩვენებაა გამოქვეყნებული.

შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ბექა კვარაცხელიას ჩვენებაში ნათქვამია,  რომ კომპიუტერული პროგრამის შექმნა, რომლითაც ფარული მოსმენები იქნებოდა შესაძლებელი, მან კუდ-ის დირექტორის მოადგილისგან, ვაჟა ლელუაშვილისგან მიიღო.

„პროგრამა ახდენდა კომპიუტერის მიმდებარედ საუბრების ფარულად ჩაწერას, რის შემდგომაც შესაძლებელი ხდებოდა აღნიშნული საუბრების ჩვენს კომპიუტერში გადმოტანა და შემდგომ საუბრების გაშიფვრა. მოპოვებულ ინფორმაცია ინახებოდა ჩვენს კომპიუტერებში და საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა დისკებზე კოპირება. აქვე მოგახსენებთ და განვმარტავ, რომ ჩვენს დეპარტამენტში ხდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სანქცირებულად ჩატარება, მაგრამ მე ჩემს თანამშრომლებთან ერთად ვახდენდი არასანქცირებულ ფარულ აუდიომოსმენას“, - ნათქვამია ჩვენებაში.

იგივე პირი ჩვენებაში აცხადებს, რომ 2012 წლის 26 სექტემბერს მას შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი დაუკავშირდა და კოალიცია ქართული ოცნების შესახებ ფარული მასალების მოძიება დაავალა. მისი თქმით, მოძიებული მასალა მან პირადად შოთა ხიზანიშვილს გადასცა.

„მეორე დღეს დილით, ანუ 2012 წლის 27 სექტემბერს დაახლოებით 09:00 საათისათვის დამირეკა შოთა ხიზანიშვილმა და მითხრა, რომ ამოარჩია საჭირო საუბრები, რომლებიც მე უნდა გამეთავსებინა ინტერნეტ სივრცის "იუთუბის" ვიდეოპორტალზე, ისეთი სახით, ვითომდა აღნიშნული საუბრები მოპოვებული იქნა ბესარიონ სურმავას მიერ. ბესარიონ სურმავა კი იყო კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის დაცვის თანამშრომელი. საუბრები ისეთი სახით უნდა განთავსებულიყო, ვითომდა აღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში გაავრცელა ბესარიონ სურმავამ. მე ასევე შოთა ხიზანიშვილმა მომაწოდა სურმავას საუბრის ჩანაწერი და მითხრა, რომ ეს ვიდეო უნდა ყოფილიყო "იუთუბის" პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თავსართი. ასევე, გადმომცა ორი სატელეფონო საუბარიც. აღნიშნული კი უნდა გამეკეთებინა პერიოდულად შოთა ხიზანიშვილის მიერ მითითებული დღეების მიხედვით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მასალების გადმოცემამდე მე ჩემს სამსახურში მოდულის შენობაში მეორე სართულზე სათათბირო ოთახში შემთხვევით შევნიშნე ბესარიონ სურმავა, შოთა ხიზანიშვილი და ჩემთვის უცნობი რამდენიმე პიროვნება, რომლებიც კამერის მეშვეობით ახორციელებდნენ გადაღებას“, - ნათქვამია ჩვენებაში. 

რაც შეეხება მეორე ჩვენებას, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი, გიორგი ყავლაშვილი ჩვენებაში ჰყვება, როგორ მიიღო დავალება, ბიძინა ივანიშვილისა და ქარ­თუ ჯგუფ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ფირ­მის მი­ერ შე­მო­ტა­ნი­ლი ტვირ­თის შე­სა­ხებ, კუდ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის ყოფილიყო ცნობილი.

„მას შემდგომ, რაც 2011 წლის 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ იქნა გაკეთებული საყოველთაოდ ცნობილი პოლიტიკური განცხადება მისი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, მე ჩემი უშუალო ხელმძღვანელისაგან, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისაგან ვაჟა ლელუაშვილისაგან მივიღე დავალება, რომ ივანიშვილის სახელთან და "ქართუ" ჯგუფთან დაკავშირებული ყველა ფირმის მიერ შემოტანილი ტვირთების შესახებ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ეცნობებინა ჩვენთვის. ამავე პერიოდში, ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ, ვაჟა ლელუაშვილის კაბინეტში შედგა თათბირი, რომელსაც ვესწრებოდით მე, გ.უ, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი კოტარია და საბაჟოდან ორი ხელმძღვანელი პირი - ზ.ც და გ.ბ. თათბირზე ვ. ლელუაშვილმა მოგვცა ანალოგიური დავალება. ასევე გვითხრა, რომ ზემოაღნიშნული ფირმების შემოტანილი ელექტროაპარატურა უნდა დაზიანებულიყო, რითაც დროში გაიწელებოდა ის პროცესები, რისთვისაც აღნიშნული აპარატურა იყო განკუთვნილი, კერძოდ: მიტინგებისა და აქციების გამართვისთვის, ტელევიზიის ამუშავებისათვის. თავიდანვე ვ. ლელუაშვილისაგან მითითება იყო, რომ ტექნიკა ისე უნდა დაგვეზიანებინა, რომ საბოლოოდ არ გამოსულიყო მწყობრიდან და შემდგომში შესაძლებელი ყოფილიყო მისი აღდგენა-შეკეთება“, - ნათქვამია ჩვენებაში. 

კომენტარები