სატრანსპორტო მოძრაობა

ყვითელი ავტობუსების მძღოლებმა დილიდან მუშაობა განაახლეს

ყვითელი ავტობუსების მძღოლებმა 5-დღიანი გაფიცვა შეწყვიტეს. ყველა მარშრუტი შეუფერხებლად მოძრაობს.  ეს გადაწყვეტილება მძღოლებმა გუშინ, 12 ნოემბერს, გლდანის მაჟორიტარ დეპუტატთან სოსო ჯაჭვლიანთან შეხვედრის შემდეგ  მიიღეს. მათ მიიღეს დაპირება, რომ მერიაში შექმნილ ვითარებას სპეციალური სახელმწიფო კომისია შეისწავლის.
შეგახსენებთ, რომ ავტობუსის მძღოლები 8 ნოემბერს ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ. მძღოლებს 16-პუნქტიანი მოთხოვნათა ნუსხა ჰქონდათ. მათგან 15 ტექნიკური შინაარსის იყო, რომლის დაკმაყოფილების პირობა მერიამ საკუთარ თავზე აიღო. რაც შეეხება ხელფასის მომატების საკითხს,  სატრანსპორტო სამსახურის უფროსი ლევან კოპლატაძე აცხადებს, რომ  ამ ეტაპზე აღნიშნული მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. გუშინ, 12 ნოემბერს, სატრანსპორტო კომპანიამ მძღოლების ხელფასები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მძღოლის საშუალო ხელფასი დღეში 91.5 ლარია.

კომენტარები