რელიგიური თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, ადგილზე გაეცნოს  სოფელ ნიგვზიანში არსებულ ვითარებას და სიტუაციის განსამუხტად, შესაბამისი ზომები მიიღოს.
„საქართველო არის მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური ქვეყანა, სადაც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან მშვიდობიანად თანაარსებობენ  სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების, სხვადასხვა აღმსარებლობის ჩვენი მოქალაქეები. გურიაში ცხოვრობს ძალიან მშვიდობიანი, კარგი ხალხი. ამიტომ მეჩვენება, რომ ყველანაირი დაძაბულობა იქ ატარებს ხელოვნურ ხასიათს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
 
ქვეყნის პირველი პირის თქმით, სამართალდამცველებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს და ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა შენარჩუნდეს.
 
დილიდან ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში დაძაბულობაა. ადგილობრივები აჭარიდან ჩასახლებულ მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში მეჩეთის მშენებლობასა და მუსლიმანური ლოცვების მოწყობას არ დაუშვებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. იქ იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. 

კომენტარები