რელიგიური თავისუფლება

ომბუდსმენი შს მინისტრს სამთაწყაროელი მუსლიმების დაცვისკენ მოუწოდებს

facebook.com/UchaNanuashvili

საქართველოს სახალხო დამცველი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ომბუდმენი შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და მოუწოდებს  გაატაროს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები, რათა არ დაუშვას თავდასხმა სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებზე.


”2013 წლის 28 ივნისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა ჩატარდა. მოგვიანებით, სოფლის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ თავი მოიყარა ლოცვის ადგილას და უკმაყოფილება გამოხატა ლოცვის ფაქტთან დაკავშირებით. მოსახლეობა შეიკრიბა ადგილობრივ მუსლიმური თემის მოლა სულიკო ხოზრევანიძეს სახლთან და მოითხოვს მის გამოსვლას. სოფელში დაძაბული ვითარებაა და არის ფიზიკური ზეწოლის საშიშროება.სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს პოლიციიის მობილიზაცია და დააწესოს მორიგეობა სულიკო ხოზრევანიძეს სახლთან.”,- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმური სამლოცველო სახლის არსებობის მოწინააღმდეგეები ხოჯა სულიკო ხოზრევანიძის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მუსლიმთა სამმართველოს ინფორმაციით, ინციდენტი პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ მოხდა. 

„მუსლიმებმა პარასკევის ტრადიციული ლოცვის ჩატარება ხელისშეშლის გარეშე შეძლეს. ლოცვის მიმდინარეობის დროს სამლოცველო სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული. როცა ლოცვა დამთავრდა და პოლიცია წავიდა, სოფლის მაცხოვრებლები, ვინც სამთაწყაროში მუსლიმური სამლოცველო სახლის ფუნქციონირების წინააღმდეგია, ხოჯას სახლში მიუცვივდნენ და მის მეუღლეს ხელკეტებით ფიზიკურად გაუსწორდნენ. ემუქრებიან დანარჩენ მუსლიმებსაც, რომ სოფელი დატოვონ,“- აცხადებენ მუსლიმთა სამმართველოში. 

სამმართველოში აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ადგილობრივი პოლიცია ინფორმირებულია. 

„ამ წუთებში ჩემს სახლთან სოფლის მოსახლეობაა შეკრებილი და პასუხს გვთხოვენ, რატომ ვილოცეთ დღეს სამლოცველოში. როდესაც ჩემი მეუღლე მათთან დასალაპარაკებლად გავიდა, ხელი ჰკრეს, დაარტყეს და დაეცა. ფეხი აქვს დაზიანებული. ადგილზე სამართალდამცავებიც არიან. მე გარეთ არ გავდივარ, რომ კიდევ არ გამწვავდეს სიტუაცია“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ხოჯა სულიკო ხოზრევანიძემ.

სოფელში კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მოსახლეობის მუსლიმურმა ნაწილმა, რომლებიც აჭარიდან ეკომიგრანტები არიან, თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სოფელში სამლოცველოს აშენების შესახებ. სამმართველომ სამლოცველოს მოსაწყობად სახლი იყიდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მუსლიმთა ღვთისმსახურებას ხელს უშლის.

ეს უკვე მესამე სოფელია საქართველოში, სადაც არჩევნების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა მუსლიმებს ლოცვაში ხელი უშლის. სამთაწყაროს ინციდენტამდე, პრობლემები ქრისტიანული მოსახლეობის მხრიდან, სოფელ ნიგვზიანისა და წინწყაროს მუსლიმურ მოსახლეობას შეექმნა.

კომენტარები