რელიგიური თავისუფლება

რელიგიათა საბჭო ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს

სახალხო დამცველი
facebook.com

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო მიმართვას ავრცელებს. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

31 მაისს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმ მორწმუნეებს კიდევ ერთხელ არ მისცეს ჯუმის ლოცვის (პარასკევის ლოცვა) აღვლენის უფლება. სიტუაციის დასარეგულირებლად ადგილზე მყოფმა პოლიციამ ვერ მოახდინა სათანადო რეაგირება და ვერ უზრუნველყო მუსლიმთათვის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობა. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ მუფთ ჯემალ ადაძეს და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შეგახსენებთ, რომ მსგავს პრობლემას ადგილი ჰქონდა წინა პარასკევს, 24 მაისს, როდესაც ადგილობრივმა მუსლიმებმა ასევე ვერ შეძლეს პარასკევის ტრადიციული ლოცვის აღსრულება. ამავდროულად, მათ მეჩეთიდან სამლოცველო ნოხები და წმინდა წიგნები გამოუყარეს.

შეუწყნარებლობის ამგვარმა გამოვლინებებმა უკვე სისტემატური ხასიათი შეიძინა. განსხვავებულის მიუღებლობა, მათი უფლებების შეზღუდვა და მარგინალიზება ნორმად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დეკლარირებულად აღიარებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და რელიგიური გაერთიანებების ლიდერები ემიჯნებიან ძალადობასა და განსხვავებული ჯგუფების ჰარმონიულ თანაცხოვრებაზე საუბრობენ, ჩვენი ყოველდღიურობა სრულიად სხვა სურათს ხატავს.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები ვუერთდებით ჩვენი მუსლიმი თანამოქალაქეების ხმას და მოვითხოვთ როგორც ხელისუფლებისგან, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურთაგან გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რათა აღდგეს შელახული კონსტიტუციური უფლებები და იზეიმოს კანონის უზენაესობამ.

არ შეიძლება დავუშვათ, რომ უმოქმედობითა და სამართლებრივად არაადეკვატური რეაგირებით წახალისებულ იქნას შეუწყნარებლობა და ძალადობა. ამ არაჯანსაღი ფონის დაძლევაში ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ და არ დავიშუროთ ძალისხმევა საქართველოში თანასწორუფლებიანობისა და მშვიდობის დაცვის საქმეში.

  • საქართველოს ებრაელთა რელიგიური საზოგადოება
  • სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
  • საქართველოს ეზიდთა სასულიერო კრება
  • ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია
  • ევანგელურ–ლუთერული ეკლესია
  • სახარების რწმენის ეკლესია
  • საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესია
  • წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  • საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
  • ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  • საერთაშoრისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხსნის არმია
  • ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი

კომენტარები