განათლება

გამოსაშვები გამოცდების ახალი მოდელი

ოქტომბერს მოსწავლეებმა და აბიტურიენტებმა შეიტყვეს, რომ საატესტატო გამოცდების წესი იცვლება, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად კვლავ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. სიახლის შესახებ საზოგადოებას განათლების ახალმა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ამცნეს.

ხელისუფლების ცვლილებამდე, ცნობილი იყო, რომ 2012 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები უკანასკნელად ტარდებოდა. პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით, 2013 წლიდან უმაღლესში მოხვედრის მსურველებს გამოცდები 8+1 სისტემით უნდა ჩაებარებინათ. ეს სისტემა რვა საგანში საატესტატო გამოცდასა და დამატებით ერთ, უნარების, გამოცდას გულისხმობდა.

ახალი წესით, რვა საგანში გამოსაშვები გამოცდა ნარჩუნდება, თუმცა ორ ნაწილად იყოფა: ოთხ საგანს მოსწავლეები მე-11 კლასის დასრულებისას  ჩააბარებენ. იგულისხმება საგნები, რომელთა სწავლაც, სასწავლო გეგმის მიხედვით, სწორედ ამ ეტაპზე სრულდება - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. ხოლო დარჩენილ ოთხ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, მათემატიკა და ისტორია) ცოდნას მათ უკვე მე-12 სასწავლო  წლის ბოლოს შეუმოწმებენ.

მინისტრის განცხადებით, მოსწავლეები, რომლებიც მე-11 კლასში გამოცდას წარმატებით ვერ გაივლიან, სწავლას ჩვეულებრივ განაგრძობენ და მე-12 კლასის ბოლოს ამ გამოცდის ხელახლა გავლის შესაძლებლობა მიეცემათ. ამასთან, გამონაკლისის სახით, მე-11 კლასელები მაისის ნაცვლად, გამოცდაზე 2013 წლის ოქტომბერში გავლენ - ამან მათ მეტი დრო უნდა დაუტოვოს მოსამზადებლად.

ამასთან, ერთჯერადი, თუმცა მნიშვნელოვანი სიახლე ამ სქემაში სკოლის როლის ზრდაა. გასული ორი წლისგან განსხვავებით, უახლოეს გამოსაშვებ გამოცდებს უშუალოდ სკოლები უზრუნველყოფენ. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, გამოცდის მოდელს (იქნება ეს ზეპირი, წერითი, უბრალოდ ჩათვლა თუ სხვა) სკოლები თავად აირჩევენ და პასუხისმგებლობაც მთლიანად მათ დაეკისრებათ. მომავალი სასწავლო წლიდან ეს კომპეტენცია კვლავ გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუბრუნდება და გამოცდები კომპიუტერულად, ცენტრის მიერ შემუშავებული ე.წ. cat-ის მოდელით ჩატარდება.

ხსენებული პროცესის ერთჯერადად სკოლებისთვის მინდობამ ბევრი კითხვა გააჩინა. მარგველაშვილის განმარტებით, ამ გამონაკლისს თავისი მიზეზები აქვს. მისი თქმით, მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს ცენტრალიზებული გამოცდის ჩატარება შეუძლებელია, რადგან ყოფილმა მინისტრმა შაშკინმა, გაუგებარი მოტივებით, საგამოცდო მონაცემთა ბაზები გამოცდების ეროვნული ცენტრიდან სამინისტროში გადაიტანა. შესაბამისად, ახალი ხელმძღვანელობა მოსწავლეებს გარანტიას ვერ აძლევს, რომ სისტემა დაცული და საიმედოა.

ამ საკითხს სოციალური ქსელის მეშვეობით დიმიტრი შაშკინიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან განათლების სისტემის ყველა ელექტრონული ბაზის მსგავსად, საგამოცდო ბაზაც სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაშია (EMIS). გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ EMIS-ის სერვერზე ინფორმაცია გარკვეული პერიოდით ადრეც თავსდებოდა, თუმცა მასთან წვდომა და კონტროლის შესაძლებლობა მხოლოდ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჰქონდა. ხოლო შაშკინის ბრძანების საფუძველზე, ბაზები EMIS-ში უკვე არამხოლოდ დროებით განთავსდა და გამოცდების ცენტრმა მათზე ექსკლუზიური კონტროლი დაკარგა, ბაზებზე წვდომა უკვე სისტემის სხვა სუბიექტებსაც ჰქონდათ.

საბოლოოდ, როგორც ჩანს, ახალ გადაწყვეტილებას ტექნიკური ხასიათის მოტივები აქვს და გამოცდებში სკოლის როლის ამგვარი ზრდა განათლების პოლიტიკის ნაწილი არ არის - მიუხედავად მინისტრის დამოკიდებულებისა, რომ არასწორია „გამოცდებისთვის უფრო მაღალი წონის მინიჭება სასწავლო პროცესში, ვიდრე ის რეალურად არის“, ხოლო ხარისხიანი გამოცდა არ ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესიც ხარისხიანი იყო. გამოცდების ცენტრალიზებული მოდელი მართლაც შეიცავს საფრთხეს, რომ სასწავლო პროცესი მთლიანად გამოცდებზე ორიენტირებული გახდეს, მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები კი იმდენად ფორმალიზებული იყოს, რომ რეალობას აცდეს. ამ კომპეტენციის სკოლებისთვის გადაბარება, შესაძლოა, სისტემის დეცენტრალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად ჩაგვეთვალა - ახალი ხელისუფლების სამთავრობო პროგრამის მიხედვითაც, სწორედ ეს უნდა იყოს განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება - თუმცა, ამ ვარაუდს სამომავლო გეგმები ანეიტრალებს: ბაზების ხელახალი დამუშავების შემდგომ, გამოცდების ეროვნული ცენტრი კვლავ დაიბრუნებს თავის როლს საატესტატო გამოცდებში.

აღსანიშნავია, რომ 1 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, განათლების სამინისტრო სკოლებში ათწლიანი სწავლების მოდელსაც განიხილავს. მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, დარჩენილი 2 წელი უმაღლესში მოხვედრისთვის მოსამზადებელი ეტაპი იქნება. ახალი მოდელის დანერგვის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

გარდა სასკოლო სიახლეებისა, ძალაში რჩება ოთხი მისაღები გამოცდა. ერთიანი ეროვნული გამოცდები, ტრადიციულად, ივლისში ჩატარდება.

8+1 სისტემასთან დაკავშირებით, ყოფილი ხელისუფლების არგუმენტები შემდეგი იყო: ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელი თავის დროზე საგამოცდო სფეროში ტოტალური კორუფციისგან თავდასაღწევად შეიქმნა. მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო სივრცე შეიცვალა, გაუმჯობესდა მისი ინფრასტრუქტურა, ტექნიკური აღჭურვილობა, მოიმატა მასწავლებლების ხელფასებმა და განათლების სამინისტროს მტკიცებით, სწავლების ხარისხმა სკოლებში, რეფორმის ახალ ეტაპზე გადასვლა გახდა საჭირო. ხარისხის მატებასა და „ბავშვის სკოლაში დაბრუნების“ საქმეში განათლების სისტემის მესვეურები დიდ წონას სწორედ 2011 წელს შემოღებულ საატესტატო გამოცდებს ანიჭებდნენ: ოფიციალური მონაცემებით, 2011 წელს ჩაჭრილი 17%-ის შემდეგ, 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეების მხოლოდ 5-მა პროცენტმა ვერ ჩააბარა. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვებს აჩენდა გამოცდებამდე გაცხრილული მოსწავლეების რაოდენობა - მაგალითად, თუ საქსტატის მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2011-დან 2012 წლამდე მეთერთმეტეკლასელებს რვა ათასამდე მოსწავლე გამოაკლდა.

კიდევ ერთი არგუმენტი 8+1 სისტემის სასარგებლოდ, გამოცდების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მისი შესაბამისობა იყო. დიმიტრი შაშკინი ტაბულასთან საუბარში აცხადებდა, რომ გამუდმებული ბრძოლა უწევდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გართულების მცდელობებთან, რომელსაც, შესაძლოა, გამოცდებისა და  სასწავლო გეგმის მკვეთრი აცდენა გამოეწვია. 8+1-ის შემთხვევაში, ხელისუფლება მისაღებ გამოცდებსა და სკოლაში მიღებულ განათლებას შორის ნაპრალის ამოვსებას ვარაუდობდა. შესაბამისად, მათი გათვლებით, სასწავლო გეგმაზე დაფუძნებულ სკოლის გამოცდებს რეპეტიტორების როლიც უნდა შეემცირებინა.

თავის დროზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებში ამ ცვლილებას მხარს არ უჭერდა მაია მიმინოშვილი, რომელიც დღეს, კვლავ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელია. ახალი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები აუცილებელია ძველი წარმატებების შესანარჩუნებლად. საბოლოოდ, მოსწავლეებს ჯამში 12 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. თუმცა, როგორც ჩანს, წელს, გამონაკლისის სახით, სკოლის გამოცდები მათთვის უფრო მარტივი იქნება.

კომენტარები