გაფიცვა

ფოთის პორტის სამასამდე თანამშრომელი გაფიცულია

ფოთის პორტის სამასამდე თანამშრომელმა უვადო გაფიცვა გამოაცხადა. გაფიცულები ანაზღაურების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

,,10 ოქტომბრის გაფიცვის შემდეგ, პორტის მენეჯმენტისგან მივიღეთ დაპირება, რომ გაიზრდებოდა ხელფასები, შეიქმნებოდა ღირსეული სამუშაო პირობები და გაფორმდებოდა ახალი შრომითი ხელშეკრულებები, თუმცა არც ერთი პირობა არ შესრულებულა. აქედან გამომდინარე, დღეს ისევ გამოვაცხადეთ უვადო გაფიცვა, რომელიც ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დასრულდება“, - აცხადებენ პორტის თანამშრომლები. 

გაფიცულებს ფოთის პორტის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ქროული გამოეხმაურა, მისი თქმით, თანამშრომლებმა მოთხოვნებზე პასუხი უკვე მიიღეს.

,,ჩვენ გვესმის, რომ თანამშრომლებს აქვთ პრეტენზიები, მაგრამ არ მესმის, როცა ისინი ამბობენ, თითქოს დირექციისგან კონკრეტული პასუხები არ აქვთ. გუშინ საღამოს ჩვენ მათ გადავეცით პირობა, რომ რეზერვისტ თანამშრომლებსაც კი გაეზრდებათ ხელფასი 40%-ით, ხოლო ხელშეკრულებები გაფორმდება ყველა მათგანთან 1 იანვრამდე, ჩვენი იურისტები ამ საკითხებზე უკვე მუშაობენ“, - აცხადებს ჯოზეფ ქროული.

კომენტარები