რელიგიური თავისუფლება

ნიგვზიანელი მუსლიმების წინამძღვარი ძალადობის საშიშროებაზე საუბრობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის მუსლიმთა სამლოცველოს წინამძღვარი, გიორგი ხიმსიაშვილი, ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ არსებობს საშიშროება, ამავე სოფელში 26 ოქტომბერს რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ინციდენტი განმეორდეს და მუსლიმ მორწმუნეებს ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე დაემუქროთ.

ხიმსიაშვილის თქმით, მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის წინააღმდეგობისა და მუქარისა, ის და მუსლიმი მრევლი პარასკევს, 2 ნოემბერს, კვლავ აპირებს სალოცავში შეკრებასა და ლოცვას. „მე ვვარაუდობ, რომ იქნება შეხლა-შემოხლა და ვაპირებ, პოლიციას ვთხოვო დახმარება“, - ამბობს ხიმსიაშვილი.

მუსლიმმა წინამძღვარმა ტაბულას უთხრა, რომ მართალია, პოლიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ წინა ინციდენტს, სადაც მუსლიმ მორწმუნეებს ადგილობრივი ქრისტიანები სისხლის დაღვრით ემუქრებოდნენ, თუმცა მათ არავინ დაუკავებიათ. „სულ ბოლოს, როცა ყველამ დაშლა დავიწყეთ, ამ ნასვამ ადამიანებთან ერთად პოლიცია იცინოდა კიდეც, მე არ ვიცი, უბრალოდ ისე იცინოდნენ თუ ჩვენ დაგვცინოდნენ, ცუდი სანახავი კი იყო“, - ამბობს წინამძღვარი. ხიმსიაშვილის თქმით, ის ყველაფერს აკეთებს სიმშვიდის შესანარჩუნებლად და „ქრისტიანი ძმების დასარწმუნებლად, რომ მუსლიმები ცუდს არაფერს შვებიან სალოცავში“, თუმცა ითხოვს სახელმწიფოს დახმარებას.

 

კომენტარები