თავდაცვა

ალასანია: ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ ავღანეთს, არამედ საკუთარ უსაფრთხოებასაც

27 ოქტომბერს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების აისაფის პროგრამაში მონაწილეობაზე კომენტარი ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, გადაცემა ”პრეს-პრესში” გააკეთა. ”საქართველო ბოლო წლებში გახდა არა მხოლოდ მიმღები უსაფრთხოების, არამედ ასევე უსაფრთხოების შექმნის მონაწილე. ეს არის ფაქტი და აქედან გამომდინარე, იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული, უარის თქმა უბრალოდ არ შეიძლება.” - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, 2014 წლამდე ქართველი ჯარისკაცები მისიაში დარჩებიან. ”ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ მისია 2014 წლამდე გაგრძელდეს, ამ ვალდებულებების შეცვლა დღეს არ განიხილება. ჩვენ ვუახლოვდებით ნატოს, ბუნებრივია ვუახლოვდებით ნატოს სტანდარტებს, ჩვენი თანამონაწილეობა ასეთ პროცესებში არის მნიშვნელოვანი... კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ ავღანეთში და არა მხოლოდ ავღანეთის ხელისუფლებას, არამედ პირველ რიგში ვიცავთ საკუთარ უსაფრთხოებასაც. ტერორიზმი და ის ოპერაცია რომელიც უზრუნველყოფს ავღანეთში კონტრტერორისტული ოპერაციის წარმოებას, ასევე არის ჩვენი უსაფრთხოებაც, ეს უნდა გავიგოთ. ჩვენ ვართ გლობალური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი.” - განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ და საქართველოს პარტნიორები გვერდში ედგნენ ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან და ამიტომ გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოს მსოფლიოს მიმართაც გააჩნია. ”არაფერი არსებობს ალტრუისტულად მსოფლიოში, ჩვენ გვიწევს გარკვეულწილად ჩვენი პასუხისმგებლობის ამ ფორმით შესრულება. რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდ ადამიანურ ტრაგედიასთან დაკავშირებული, მაგრამ ომში ვართ და სამწუხაროდ ომში მსხვერპლიც გვაქვს.” - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება 2014 წლის შემდეგ, ავღანეთში ქართული ჯარის დარჩენას, ალასანიას თქმით, მან ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჯეიმს აპატურაისთან საუბრის შემდეგ შეიტყო, რომ რომ საქართველოს მთავრობამ საკუთარი ინიციატივით ნატოელ და ამერიკელ პარტნიორებს მისიაში მონაწილეობის გაგრძელება შესთავაზა. ”ოღონდ არა უშუალოდ პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფორმით. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიც არ არის მიღებული, მაგრამ ეს ინიციატივა მემკვიდრეობით დაგვხვდა. აქედან გამომდინარე პრემიერ-მინისტრი თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად იმსჯელებს ამ საკითხზე. ჯერ კიდევ დრო გვაქვს გადაწყვეტილების საბოლოოდ მისაღებად და შემდეგ უკვე საზოგადოებას ბუნებრივია ვაცნობებთ. ” - ამბობს ალასანია.

აღსანიშნავია, რომ ალასანიას თანაგუნდელი, პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი და ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ჟურნალ ლიბერალთან 17 თებერვალს, წინასაარჩევნო პერიოდში მიცემულ ინტერვიუში, აისაფის პროგრამაში მონაწილეობას გაურკვეველ ავანტიურას უწოდებდა. ”სააკაშვილის ხელისუფლება სასარბაზნე ხორცად აღიქვმს ჩვენს ჯარისკაცებს. ჯარისკაცი რომ სახლში დაბრუნდეს, ამას ხელი სწორედ ხელისუფებამ უნდა შეუწყოს. არ შეიძლება ჯარისკაცის გამეტება რაღაც გაურკვეველ ავანტიურებში ჩასაბმელად.” - უთხრა ლიბერალს თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები