NATO-საქართველო

ჯეიმს აპატურაი: საქართველო შეფასებული იქნება იმ ტესტის მიხედვით, რომელიც წარმატებით ჩააბარა

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიამ ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში NATO-საქართველოს ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

როგორც აპატურაიმ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი „იგივე გეზს განაგრძობს“ და NATO-სთან ურთიერთობას წინ წასწევს.  მისი თქმით, NATO იმ დაპირებების ერთგული რჩება, რომლებიც ბუქარესტის სამიტზე დააფიქსირა.

აპატურაიმ ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებაზე და აღნიშნა, რომ საქართველო შეფასებული იქნება „იმ ტესტის მიხედვით, რომელიც წარმატებით ჩააბარა“.

„ჯერ კიდევ მრავალი გასაკეთებელის მიუხედავად, არჩევნების წარმატებით ჩატარება საკმაოდ პოზიტიური ფაქტია. განსაკუთრებით  კი, ისეთი რეგიონისთვის, სადაც მოცემული მოვლენა არცთუ ისე ხშირია. წინ საკმარისი დროა იმისთვის, რომ NATO-ს მხრიდან ამ მოვლენის შეფასება და გაანალიზება ადეკვატურად მოხდეს. კერძოდ კი, ახლოვდება NATO-საქართველოს კომისიის შეხვედრა, რომელზეც NATO-ს ქვეყნები ამ საკითხს ყურადღებით მოეკიდებიან და განიხილავენ“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გააგრძელებს არჩეულ გზას რეფორმებისკენ.

კომენტარები