ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა, რომლებიც რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ, ჯორჯიან მარგანეზის ადმინისტრაციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მუშების მიერ დაყენებული მთავარი მოთხოვნა - ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით საწარმოს ხელმძღვანელობამ არ დააკმაყოფილა. მხარეებს შორის მოლაპარაკებისას ერთადერთი შეთანხმება შედგა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში კომისიის შექმნას ითვალისწინებს. კომისია მუშების მიერ დაყენებული შრომის პირობების გაუმჯობესების, უსაფრთხო შრომისა და მაღაროს ტექნიკური გადაიარაღების საკითხებს განიხილავს.
გაფიცული მაღაროელებისა და ჯორჯიან მარგანეზის ადმინისტრაციის შეხვედრას ქართული ოცნების წევრი თინა ხიდაშელიც ესწრებოდა, რომელიც ჭიათურაში მუშების მხარდასაჭერად ჩავიდა.
"სამწუხაროდ, რაიმე მნიშვნელოვან შედეგამდე ვერ მივედით. ინვესტორი თანხმობას აცხადებს ხელფასები გაზარდოს 25%-ით, თუმცა ეს მოხდება იმ თანხის ხარჯზე, რომელსაც მუშები პრემიის სახით ხან იღებდნენ და ხან არა". - განაცხადა ხიდაშელმა.
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების აქცია დღეს განახლდა. მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების მომატების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ გაიფიცნენ. მაღაროელებმა ჯორჯიან მარგანეზის ხელმძღვანელობასთან პირველი შეხვედრისას, 15 ოქტომბერს მოთხოვნების ჩამონათვალი წამოაყენეს. საწარმოს ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული მოთხოვნებიდან უმრავლესობა უკვე გადაწყვეტილია.
ჯორჯიან მარგანეზის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყველა მაღაროელს აქვს დაზღვევა და ეტაპობრივად ურიგდებათ სადაზღვევო პოლისები, მათ უმრავლესობასთან გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულებებიც. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, ეს პრობლემაც გადაჭრილია და მუშები ასევე, ეტაპობრივად იღებენ ტანისამოსსა და ფეხსაცმელს, მაღაროელების სასარგებლოდ გადაჭრილია ტექნიკური გადაიარაღების საკითხიც.
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების კიდევ ერთ მოთხოვნას ჯორჯიან მარგანეზის ჭიათურიდან წასვლა და საწარმოს ხელმძღვანელობის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა წარმოადგენს.




