ისრაელი

ქნესეთმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

მომავალი წლის 22 იანვარს ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება მეთვრამეტე მოწვევის ქნესეთმა მიიღო - მისმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ანუ ასმა დეპუტატმა თვითდაშლას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას დაუჭირა მხარი.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მმართველი კოალიცია ვერ შეთანხმდა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაზე.

წინასწარი პროგნოზით, დამკვირვებლები მომავალ არჩევნებში გამარჯვებას პარტია ლიკუდს და მის ლიდერს, ისრაელის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უწინასწარმეტყველებენ.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ინიციატივა სწორედ ნეთანიაჰუსგან მოდიოდა. მან ორშაბათს მის მეორე ვადით არჩევაზეც ისაუბრა და პარლამენტში განაცხადა, რომ დიდი წვლილი მიუძღვის ისრაელის ისლამისტი ექსტრემისტებისა და ირანის ბირთვული პროგრამისგან დაცვის საქმეში.

„ას დღეზე ნაკლები დარჩა იქამდე, როდესაც ისრაელი გადაწყვეტს, ვინ მართავს მას ყველაზე მკაცრი გამოწვევების ხანაში,“ - თქვა ნეთანიაჰუმ და დაუმატა, რომ საუბარია ეკონომიკურ კრიზისსა და ირანის მხრიდან ბირთვული თავდასხმის საშიშროების ნეიტრალიზებაზე.

 

 

 

კომენტარები