საზოგადოება

ვინ გამოუშვა ჯინი ბოთლიდან

ზაზა ბურჭულაძე გალახეს. შავკანიანს დასდევდნენ და უწმაწური წინადადებით მიმართავდნენ. ბათუმში თურქებს გათრევისკენ მოუწოდებენ. ახლობელს ლეპტოპი მოპარეს. ძველმა ბიჭებმა ეზოდან “მენტალურ მარგინალს” დედა შეაგინეს...

ჯერ სად ხართ? “ჯერ სად ხართ”, რა თქმა უნდა, პასუხი არაა. არ ვიცით, მომავალში კრიმინალი და ქსენოფობია გაიზრდება თუ შემცირდება; რამდენად შეძლებს ან მოინდომებს ახალი ხელისუფლება კრიმინალთან ბრძოლას.

სამაგიეროდ, თავისუფლად შეგვიძლია მსჯელობა, რამ გამოიწვია უკვე მომხდარი ამბები.

Facebook-სტატუსებში მომრავლებულ ინციდენტებთან დაკავშირებით, ორი საკითხი უნდა გამოვყოთ: პირველი – დარღვევებზე სამართალდამცავების რეაგირება; მეორე – ფსიქოლოგიური ფონი საზოგადოებაში.

საფუძვლიანია შეფასება, რომ პოლიცია არჩევნების შემდეგ უფრო გაუბედავი გახდა. შესაძლო მიზეზი ბევრია: რიგით სამართალდამცავთა პოლიტიზირებულობა – ანუ ნაციონალების დამარცხების საკუთარ მარცხთან გაიგივება; გადაყენების მოლოდინში მყოფი ხელმძღვანელობის სისუსტე; განრისხებული მასებისა და შურისძიების შიში; გაურკვევლობა მომავალთან დაკავშირებით.

მაგრამ როგორი შესუსტებულიც უნდა იყოს პოლიცია, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განწყობებიც. მით უმეტეს, რომ ბევრი უსიამოვნო ინციდენტი პოლიციის ჩარევას არც გულისხმობს.

ფსიქოლოგიური ფონი ასეთია: საზოგადოების ნაწილმა ნაციონალების დამარცხება აღიქვა სიგნალად, რომ აწი მოსულა: “მენტალური მარგინალების” ცემა და გინება, ეთნიკური ნიშნით ადამიანების შევიწროება, საქართველოს “წმენდა” უცხო სხეულებისგან. ამას ემატება ჩვეულებრივი, ეკონომიკური კრიმინალის ხელშემწყობი განწყობებიც.

საიდან გაჩნდა ეს განწყობები? რაც მთავარია, რატომ აღიქვეს ადამიანებმა ქართული ოცნების გამარჯვება მწვანე შუქად მათი ხორცშესხმისთვის?

ქსენოფობები, პოტენციური კრიმინალები და ხულიგნები ყველგან და ყოველთვის არსებობენ. მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გამარჯვება არ იწვევს მათ გათამამებას. ძნელი წარმოსადგენია, რომ ინციდენტების მკვეთრ მომრავლებას გამოიწვევს, ვთქვათ, ლეიბორისტებისა და კონსერვატორების მონაცვლეობა დიდ ბრიტანეთში.

ლოგიკა მარტივია: თუ პოლიტიკური ძალის გამარჯვება ათამამებს, მაგალითად, ეთნოცენტრისტებს, ესე იგი, ის ეთნოცენტრიზმთან ასოცირდება. რამდენიც უნდა ამტკიცონ ქართული ოცნების მოლიბერალო წევრებმა ან მხარდამჭერებმა, რომ კოალიციის რიტორიკაში შეუწყნარებლობა მეორეხარისხოვანი, სპონტანური ელემენტი იყო, “საშუალოსტატისტიკური” ამომრჩევლის აღქმა არ შეიცვლება. ორაზროვან ბრენდ “ნამდვილების” ფონზე, მესიჯები იყო მკაფიო და მრავალრიცხოვანი – თითქმის ყველა ეთნიკური უმცირესობა ან უცხოელი საქართველოსთვის საფრთხეა. მათი ყოფნა და საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში პრობლემაა, რომელიც უნდა მოგვარდეს. ასავალ-დასავალი ყველაზე კარგი და კეთილსინდისიერი გაზეთია. ოცნების სახეები, მაჟორიტარები კი ხდებიან ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე განასახიერებდნენ ქსენოფობიურ და რეტროგრადულ რიტორიკას: სომხები გვიტევენ, იაღოველები გვრყვნიან, სახელმწიფო გვაიძულებს ერთმანეთის ჩაშვებას. წინასაარჩევნო შავ სიაში მოხვდნენ თურქებიც, ჩინელებიც და ბურებიც.

ნაკლები მოხვდათ “მართლმადიდებელ ძმებს”, რაც ალბათ ტაქტიკური დათმობა იყო პუტინის არგაღიზიანების სტრატეგიის ფარგლებში. რა ჯობდა, მაგალითად, იმაზე აპელირებას, რომ, “სანტექნიკოსი” ლომაიას მიერ დაწყებული ქართული განათლების ნგრევა “არაქართველმა” შაშკინმა დაასრულა. ქართველობას ხომ სწორედ გვარის დაბოლოება განსაზღვრავს. თუმცა, არც სლავური მიმართულება გამორჩენიათ მთლიანად: გავიხსენოთ მურმან დუმბაძის თავდასხმა “არაქართული სისხლის მქონე” მასალკინზე.

ეთნოცენტრისტულ რიტორიკაზე არანაკლებ სიმპტომატური იყო ოცნების სტრატეგია რელიგიურ ფრონტზე. დემონსტრაციული სიახლოვე შეუწყნარებლობით გამორჩეულ მეუფე იობთან დააგვირგვინა კოალიციის “ლიბერალური ფრთის” ბურჯის, დავით უსუფაშვილის “მეგობრულმა” შეხვედრამ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ლიდერ დავით ისაკაძესთან. უსუფაშვილმა ალბათ გაითვალისწინა გარემოება, რომ მედიასთან ჩვეულებრივ უდრეკმა ივანიშვილმა რამდენიმეჯერ ლამის ბოდიში მოიხადა რესპუბლიკელების საეჭვოდ “არაეროვნული” იმიჯისთვის.

მთელი წინაისტორიის გახსენება ერთი რამის დანახვაში გვეხმარება: მომხდარ და მოსახდენ ინციდენტებში გასაკვირი ან მოულოდნელი არაფერია. სადაც საუბარია რეაგირების დეფიციტზე, ფორმალური პასუხისმგებლობა სამართალდამცავებზეა, მაგრამ საზოგადოებრივი ფონი დიდწილად ოცნების საარჩევნო სტრატეგიის შედეგია.

რთული განსაცალკევებელია ქსენოფობი პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტთა “ლიბერალური” ჯგუფების პასუხისმგებლობა. ასეთები იყვნენ, მაგალითად, Facebook-ჯგუფი “პიზდეცინტელექტუალიზმი” და “სისტემა უნდა დაინგრეს” ლოზუნგით გაერთიანებული არტისტები. ისინი მართალია არ აპელირებდნენ ხელისუფლების “არაქართულობაზე”, მაგრამ მშვენივრად მოირგეს უკონტროლო აგრესია, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. დავაზუსტოთ – აქ საუბარია აგრესიაზე არა „სისტემის” ან კონკრეტული დამნაშავეების, არამედ „მიუღებელი პოზიციის” მქონეთა მიმართ. მიუღებელი პოზიციის, ან აზრის, ცნება კი ლიბერალურ დისკურსში თავისთავად იმსახურებს დაეჭვებას.

მორიდების გარეშე ვთქვათ: თუ “პროგრესული ახალგაზრდა ხელოვანი” უკიდურესი ფორმით აგინებს ოპონენტს, რომელიც კორექტულობის ფარგლებს არ სცდება, ან იმუქრება, რომ ქუჩაში “სადაც ნახავს, თავზე დააფსამს”, რა გასაკვირია, რომ მეორე დღეს “ბრბო” შეიჭრას მარნეულის ადმინისტრაციაში და იქ მყოფები გალახოს? შეიძლება ვთქვათ, რომ ნაციონალების ხელისუფლებას ზედმეტი აროგანტულობისთვის დაუბრუნდა ბუმერანგი, საზოგადოების სხვადასხვა ფენის აგრესიის სახით. თუმცა თავისი მცირე ბუმერანგი გაისროლეს იმ ახალგაზრდა ხელოვანებმაც, რომლებიც არ აღმოჩნდნენ საკმარისად თანმიმდევრულნი თამაშის წესების შერჩევისას.

თუ წინასაარჩევნო გადაცდომების ახსნა აქტივისტებს იდეალისტური საბაბით შეუძლიათ – “სხვანაირად უვარგისი ხელისუფლების შეცვლას ვერ მოვახერხებდით” – ახლა “ჭეშმარიტი სახის” გამოჩენის დროა. ამ მხრივ მისასალმებელია კოალიციის ზოგიერთი ლიდერის განცხადებები, რომ კრიმინალის ზრდა არ უნდა დაუშვან და ძლიერი ოპოზიცია უნდა შენარჩუნდეს. თუმცა, ბევრი მიმართულებით ჯერ ოპტიმიზმის საფუძველი არ ჩანს. ნაცვლად მოქალაქეთა თანასწორობის შესახებ მკაფიო გზავნილებისა, მივიღეთ მომავალი პრემიერის განცხადება, რომ უკვირს, “როგორ შეუძლიათ სომხებს საქართველოში ცხოვრება, როდესაც მათი სამშობლო (იგულისხმება თანამედროვე სომხეთის ტერიტორია) ასე ახლოა”. შეიძლება დავუშვათ, რომ ივანიშვილმა ეს თქვა ეთნიკურად სომეხი თანამოქალაქეებისადმი კეთილგანწყობით. მაგრამ ვერსად გავექცევით ერთი მხრივ თანამედროვე სახელმწიფოს არსის გაუაზრებლობის, მეორე მხრივ კი ისტორიის არცოდნის ნიშნებს.

ვიმედოვნოთ, რომ კოალიციის შიდა პროცესების, საპარლამენტო კონკურენციის, საზოგადოებრივი აქტივობისა თუ უცხოელი კონსულტანტების მოხმობის შედეგად, პოლიტიკური კულტურა აიწევს. შედეგად, პირველი არხის ეთერში არ მოგვიწევს ვიხილოთ გადაცემა “ხელისუფალთა ნააზრევის განმარტებანი არანამდვილთათვის”.

 

კომენტარები