ნაციონალური მოძრაობა

დავით ბაქრაძე: არჩევნების შედეგებს ვაღიარებთ და პარლამენტში ოპოზიციის რანგში შევალთ

პარლამენტში ოპოზიციურ ძალად დაბრუნებით ჩვენ ვქმნით პრეცენდენტს, რომ მომავალში ყველა პოლიტიკური პარტია აღიარებს და დაემორჩილება არჩევნების შედეგებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.

"ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ განვითარებული, დემოკრატიული და ცივილიზებული ერი. მადლობას ვუხდი მას, იმ ღირსებისა და ორგანიზებულობისთვის, რომელიც არჩევნებზე გამოიჩინა. მადლობა ჩვენს მხარდამჭერებსაც, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" ღირებულებების სჯერა. დღევანდელი სურათით ნათელია, რომ საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა მოიპოვა ქართულმა ოცნებამ. ნაციონალური მოძრაობის სახელით ვაცხადებ, რომ შევდივართ პარლამენტში და ვიმუშავებთ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ამას მოითხოვს ქვეყნის ინტერესი.” - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის რანგში დეტალურად გააკონტროლებს, თუ როგორ შეასრულებს ქართული ოცნება საარჩევნო კამპანიის პერიოდში გაცემულ დაპირებებს.

”ამას ნამდვილად არ უშველის თავის დაზღვევა და იმაზე საუბარი, რომ თურმე ბიუჯეტი არის ცარიელი. ბიუჯეტი არ იყო ცარიელი. ყველას კარგად ახსოვს, რომ სექტემბრის მდგომარეობით არ ყოფილა არც ერთი დავალიანება, არანაირი გაუცემელი თანხა და ფინანსურად ყველაფერი წესრიგში იყო.” - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუცია იძლევა იმის საშუალებას, რომ პრეზიდენტმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ შექმნას პოლიტიკური კრიზისი და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, თუმცა ამას ნაციონალური მოძრაობა არ გააკეთებს.

 

კომენტარები