სასჯელაღსრულების სისტემა

ჯანდაცვის პრობლემები სასჯელაღსრულების სისტემაში

გლდანის ციხეში გადაღებული წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ ცხადად გამოჩნდა, რომ პირველადი და გადაუდებელი პრობლემა სასჯელაღსრულების სისტემაში, პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრაა. თუმცა ხელისუფლებამ, „სისტემური მარცხის” აღიარების შემდეგ, იმის პირობაც დადო, რომ ის მთლიანი სისტემის რეფორმირებას მოახდენს.

დამამცირებელი მოპყრობისა და წამების მიღმა, რაც პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ასე თუ ისე, ექვემდებარება მყისიერ მოგვარებას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სხვა, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევებიცაა. მათთან გამკლავებას, ნების გარდა, დრო და ფული სჭირდება. ერთ-ერთი მათგანი პენიტენციარულ სისტემაში ჯანდაცვის თემაა – საკითხი, რომელსაც სახალხო დამცველის ანგარიშებში ასევე დიდი ადგილი ეთმობა და რომელიც, პატიმრებთან სასტიკი მოპყრობის ფაქტების მსგავსად, აქამდე ფართო მსჯელობის საგანი არ გამხდარა.

დღეისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში 17 სხვადასხვა ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაა, მათ შორის 2 სამკურნალო – თბილისის მე-18 და ქსნის მე-19. საჯარო მონაცემებით, სამედიცინო დეპარტამენტის 2012 წლის ბიუჯეტი 70-ჯერ აღემატება 2004 წლის ბიუჯეტს.

თუ ბოლო დღეებში აღმოჩენილი რეალობისგან ვდისტანცირდებით და გასულ წლებში მიმდინარე რეფორმის ოფიციალურ შედეგებს გადავხედავთ, შესაძლოა, დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ ამ მხრივ საქმე არც ისე ცუდადაა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, უკანასკნელ ერთ წელიწადში პენიტენციარული სისტემის მედპერსონალის რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. ცხრა დაწესებულებაში მოეწყო პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, სამედიცინო დაწესებულებები აღიჭურვა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით, არსებობს მულტიდისციპლინარული ფსიქიატრიული სამსახური. ამ მონაცემების მიხედვით, რეფორმის ფარგლებში პატიმრებისთვის ყველა დაწესებულებაში ხელმისაწვდომია დიეტური კვება. ბოლო წლებში მოხდა აფთიაქების ლიცენზირება, მეტიც – ყველა დაწესებულებაში მოქმედებს თანამედროვე სტომატოლოგიური კაბინეტი.

ამავე მონაცემებით, სამოქალაქო საავადმყოფოებში დამატებითი გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის ყოველწლიურად 1000-მდე მსჯავრდებული გადაჰყავთ, რაზეც წელიწადში მილიონამდე ლარი იხარჯება.

აღსანიშნავია ისიც, რომ აშენდა ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი – ოფიციალური ვერსიით, სისტემაში ტუბერკულოზის გავრცელება 52%-ით შემცირდა.

ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ გადადგმულ გარკვეულ ნაბიჯებს ომბუდსმენიც აღნიშნავდა ანგარიშებში – სულ ცოტა, პატიმრებს აღარ უწევდათ ყოველგვარი სტანდარტისგან შორს მყოფ, მოუწესრიგებელ და ძველ სამკურნალო დაწესებულებებში მკურნალობა. თუმცა რეალობა განსხვავებულია და სისტემაში ჯანდაცვის თვალსაზრისითაც სერიოზული პრობლემებია.

ამ კუთხით მიმდინარე პროგრამებს გასულ წლებში ომბუდსმენიც აკრიტიკებდა, როგორც არაეფექტიანს. უკანასკნელ ხანებში საზოგადოებამ მოისმინა ჩივილები დაავადებული პატიმრებისგან, რომლებიც უყურადღებობას განიცდიან. რიგ შემთხვევებში მსჯავრდებულები, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ, სამკურნალო დაწესებულებებში მხოლოდ ახლა, ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ გადაჰყავთ. ეს პრეტენზიები ემთხვევა არა მარტო სახალხო დამცველის წინა წლების ანგარიშებში აღწერილ პრობლემებს, არამედ უკანასკნელ წლებში ციხეში სიკვდილიანობის მზარდ სტატისტიკასაც, რაც მიმდინარე რეფორმის ეფექტიანობას სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს.

ჯერ კიდევ ომბუდსმენის 2010 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, სასჯელაღსრულების სისტემის მესვეურები მზარდ სიკვდილიანობას პატიმართა რაოდენობის ზრდას მიაწერდნენ, მაგრამ სიკვდილიანობის ზრდა ამ პროპორციაში ვერ ჯდებოდა. იმჟამინდელი სახალხო დამცველი ტუღუში კი აცხადებდა, რომ სურათი საგანგაშო იყო. მისი თქმით, გარდაცვალების გაზრდილი მაჩვენებელი არ იყო მხოლოდ დაავადების მძიმე ფორმების გარდაუვალი ფატალური შედეგი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები სხვა რამეზე მიუთითებდა – ეს უმძიმესი კი არა, დაავადებათა შორსწასული ფორმები იყო. პატიმრის სიკვდილს ხშირად განაპირობებდა უყურადღებობა და დაგვიანებული სამედიცინო ჩარევა, ან შეწყვეტილი მკურნალობა.

2011 წელს გარდაცვლილ პატიმართა უმრავლესობას მძიმე და განუკურნებელი დაავადების დიაგნოზი ჰქონდა დადგენილი – მიუხედავად ამისა, ხშირად ისინი არც მეტ-ნაკლებად შესაბამის გარემო პირობებში იმყოფებოდნენ და არც სასჯელის გადავადების ან ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი დამდგარა. ომბუდსმენი ყველა ასეთ შემთხვევას არაჰუმანურ მოპყრობად აფასებდა და პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო, და არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს აკისრებდა. „სამწუხაროდ, ამ საკითხს წლიდან წლამდე ყურადღება არ ექცევა მაშინ, როცა საუბარია წარმატებულ ჯანდაცვის რეფორმაზე და მის შედეგებზე, რაც არ ეფუძნება სამედიცინო კლასიფიკატორებსა და რეალურ მდგომარეობას”, – ნათქვამია ომბუდსმენის 2011 წლის ანგარიშში.

გიორგი ტუღუშმა მინისტრად დანიშვნის პირველივე დღეებში განაცხადა, რომ პენიტენციარული ჯანდაცვა სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემაში უნდა ინტეგრირდეს და არა პირიქით. ჯანდაცვის რეფორმის ძირფესვიანმა გადახედვამ შედეგად უნდა მოიტანოს პატიმართა დაავადებების დროული იდენტიფიცირება, ხოლო ციხეში ჯანდაცვის სერვისები სამოქალაქო სექტორის ტოლფასი უნდა გახდეს. საინტერესოა, რა კონკრეტულ გამოწვევებთან მოუწევს გამკლავება სისტემაში ჯანდაცვის რეფორმას.

პირველი ასეთი დაბრკოლება ციხეების გადატვირთულობაა, რაც 2011 წლის ომბუდსმენის ანგარიშში ჯანდაცვის პრობლემების გაჩენის ან დამძიმების აშკარა მიზეზადაა მოხსენიებული. გადატვირთულ დაწესებულებებში, ერთი მხრივ, სამედიცინო პერსონალი ზედმეტად იტვირთება და პაციენტების მოთხოვნილებებს ვეღარ აკმაყოფილებს. მეორე მხრივ კი, ამოქმედებას იწყებს პრინციპი – რაც შეიძლება ფართო სპექტრის მოცვა ნაკლები რესურსით. ამის შედეგად, ავადმყოფები სამკურნალო დაწესებულებებში გვიან გადაჰყავთ, ხოლო მათ, ვისაც გადაიყვანენ, ნაკლებეფექტური საშუალებებით მკურნალობენ.

გადატვირთულია სისტემაში არსებული ორივე სამკურნალო დაწესებულებაც, რაც, თავის მხრივ, გაწეული მომსახურების ხარისხზე აისახება. მაგალითად, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ნაცვლად ლიმიტირებული 180 პაციენტისა, გასულ წელს 222 პატიმარი იყო. მე-19 დაწესებულებაში კი მსჯავრდებულების რაოდენობა ლიმიტს ორასით აჭარბებდა. რომ აღარაფერი ვთქვათ დაავადებულებზე, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებში ვერ ხვდებოდნენ – 2011 წელს პატიმართა 20%-ზე მეტი სასჯელის მოხდის ძირითად ადგილებში გარდაიცვალა.

მოსაგვარებელ საკითხთა შორისაა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია და რაოდენობაც. გასული წლის მონაცემებით, 24 ათასზე მეტ პატიმარს 170 ექიმი ემსახურებოდა – ანუ, საქართველოს მასშტაბით ერთ ექიმზე დაახლოებით 140 პატიმარი მოდიოდა. სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, „სამედიცინო პერსონალის რაოდენობა ადგილებზე შეესაბამება ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებს”. თუმცა 2011 წელს ომბუდსმენმა ვერ მოიძია რაიმე სტანდარტი ან ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც პენიტენციარულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რაოდენობას არეგულირებს – შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რას „შეესაბამება” ის.

როგორც ცნობილია, ციხეებში ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ტუბერკულოზი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობამ იკლო – გარდაცვლილი 140 პაციენტიდან ტუბერკულოზი სიკვდილის უშუალო მიზეზი 31.5%-ის შემთხვევაში გახდა. ეს მაშინ, როდესაც 2010 წელს გარდაცვლილი 142 ადამიანიდან ყოველი მეორე ინფიცირებული იყო.

უშუალოდ ციხეებში ტუბერკულოზის გავრცელებას, დაწესებულებათა გადატვირთულობის გარდა, ხელს უწყობს არასათანადო კვებითი რაციონი, აერაციისა და ვენტილაციის სისტემის გაუმართაობა, მზის სხივებისა და ჰაერის ნაკადის უკმარისობა. როგორც სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშიდან ირკვევა, სპეციფიკური ინფრასტრუქტურა ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ ყველა დაწესებულებაში შექმნილი არ არის, ზოგან კი ფორმალური ხასიათი აქვს. ტუბერკულოზით ინფიცირებული პატიმრები ხშირად გადაჰყავდათ ისეთ ადგილზე, რომელიც დაავადების მართვის სტანდარტებისათვის შეუფერებელია. გარდა იმისა, რომ ეს პაციენტის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს, რეალურ საფრთხეს უქმნის სხვა პატიმრების ჯანმრთელობასაც. მომავალში, წესით, ამ პრობლემის მოგვარებას ხელი უნდა შეუწყოს ქსნის მე-19 სამკურნალო დაწესებულებაში ახალი სამკურნალო კორპუსის მშენებლობამაც.

რაც შეეხება ასევე ფართოდ გავრცელებულ ვირუსულ ჰეპატიტებს, არსებობდა ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთობლივი სტრატეგია, მაგრამ ომბუდსმენის მონაცემებით, მას არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია – არ შემუშავებულა სამოქმედო გეგმა, რის გამოც პრობლემა გაღრმავდა, ვირუსული ჰეპატიტებით სიკვდილიანობის რიცხვმა კი მოიმატა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ციხეში ყოფნისას ან დაკავებისას ადამიანზე ფიზიკური ძალადობის არასათანადო აღნუსხვა ექიმების მხრიდან – როგორც ირკვევა, არ ხდებოდა ძალადობის ნიშნების დაწვრილებითი აღწერა და შესაბამისი დოკუმენტირება. ამის გამოსწორება არა მხოლოდ ჯანდაცვის გაუმჯობესებას, არამედ ციხეში ძალადობისა და წამების ფაქტების გასაჯაროებასა და აღმოფხვრასაც შეუწყობს ხელს. ომბუდსმენი ასევე უჩიოდა პაციენტების შესახებ არსებული კონფიდენციალური ინფორმაციისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას.

ყველა ეს პრობლემა და მათი გამოსწორების გზები ასახულია ომბუდსმენის რეკომენდაციებში. სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნის შემდეგ გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ ის საკუთარ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ამ მიმართულებით გადადგმული სისტემური ნაბიჯების შეფასება კი გარკვეული დროის შემდეგ გახდება შესაძლებელი – იმ შემთხვევაში, თუ სისტემა პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული და არა მათ დაფარვაზე.

კომენტარები