არჩევნები 2012

სააკაშვილი: დღევანდელი სურათით შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები შედგა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მიმართა და არჩევნების წინასწარი შედეგები შეაჯამა. 
”დღეს ჩვენმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, პირველ რიგში მათ, ვინც დღეს მივიდა საარჩევნო უბნებზე, გამოხატა, სრული თავისუფლების პირობებში (როგორც ჩვენ გპირდებოდით), აბსოლუტურად გამჭვირვალე არჩევნებში, თქვენი პოლიტიკური ნება”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  პროპორციულ კენჭისყრაში უპირატესობა მოიპოვა ქართული ოცნების კოალიციამ, ხოლო მაჟორიტარულ ოლქებში მნიშვნელოვანი უპირატესობა  საქართველოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს. 
მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში საარჩევნო სისტემა მიმოიხილა. მისი თქმით  საქართველოს პარლამენტი მოწყობილია იმგვარად, რომ დაახლოებით შუაზე იყოფა ხმები პარლამენტში - ნახევარზე ცოტა მეტი შემოდის პროპორციულით და თითქმის ნახევარი შემოდის მაჟორიტარული ოლქებიდან. ”ეს არის გაკეთებული იმისათვის რომ საქართველოს ყველა რეგიონი იყოს წარმოდგენილი” - განაცხადა სააკაშვილმა.   
პრეზიდენტის თქმით, საბოლოოდ უნდა გაირკვეს ვის ექნება უმრავლესობა პარლამენტში, თუმცა  ”დღევანდელი სურათით შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები შედგა. არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრებმა უნდა დაიკავონ თავისი ადგილები და ჩაერთონ დემოკრატიულ პროცესში”. 
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებში ქართული ოცნების უპირატესობა ეფუძნება იმ ხმებს, რომელიც კოალიციამ საქართველოს დედაქალაქში, თბილისში აიღო. მისი განცხადებით, თბილისის გარეთ, აბსოლუტურად ყველა რეგიონში დიდ უპირატესობით ლიდერობს ნაციონალური მოძრაობა. 
”მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვყოფთ ქვეყანას თბილისად და რეგიონებად. ჩვენ ვართ ყველანი ქართველები, ჩვენ ვართ ყველანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და ყველამ უნდა შევძლოთ არსებული დემოკრატიის ფარგლებში ერთიანად მუშაობა, მიუხედავად იმისა რომ საარჩევნო კამპანია იყო ძალიან დაძაბული ემოციური ხშირად სამწუხაროდ ბინძურიც. მაგრამ ეს ყველაფერი ეხლა უკან უნდა დარჩეს და ჩვენ უნდა შევძლოთ საქართველოს ყველა რეგიონის, ყველა მოქალაქის ინტერესების წარდგენა ახალ პარლამენტში და საქართველოს ახალ მთავრობაში” - განაცხადა სააკაშვილმა. 

კომენტარები