არჩევნები 2012

სასჯელაღსრულების სამინისტრო: საპარლამენტო არჩევნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.  ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების იმ ნაწილის უმრავლესობამ, რომელთაც სათანადო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდათ, საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო ეხმიანება გუშინ, 30 სექტემბერს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში არეულობა და პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები იყო, ხოლო გლდანის #8 დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმი შევიდა.

„სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა და დაწესებულებები საქმიანობენ ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით“ - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროში განმარტავენ, რომ მსგავსი მცდარი ინფორმაციის გავრცელება სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მობილიზებას იწვევს, რაც ზოგიერთმა დაინტერესებულმა პირმა დაძაბულობის შესაქმნელად შეიძლება გამოიყენოს.

 „სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ეს პირველ რიგში ზიანს აყენებს პატიმრებს და იწვევს მათი ოჯახის წევრების სრულიად უსაფუძვლო მღელვარებას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები