არჩევნები 2012

სააკაშვილი: არჩევნებზე არა მთავრობის, არამედ საქართველოს ბედი წყდება

„ჩვენს ოპონენტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ თბილისის რომელიმე ცენტრალური მოედნის გავსება, მაგრამ როცა ლოზუნგი არის საქართველოს წარსულში დაბრუნება , საპასუხოდ ვამბობთ - ჩვენ საქართველოს ყველა მოედანს, ყველა სოფელს, ყველა ქალაქს გავავსებთ და ამას ვერ მიიღებთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ივლის წინ და მისი მოქალაქეები არასოდეს გახდებიან მონები.

"არ დაუშვათ, ცალკეული ხარვეზის გამოყენებით დაგვაბრუნონ იმ უკუნეთში, სადაც ცხოვრობს პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობა და არ გვაქვს უფლება იქ დავაბრუნოთ ჩვენი შვილები. ჩვენი მტერი ემზადება იმისთვის, რა მოხდება ზეგ თბილისში. ჩვენ არ გვაქვს უკან დაბრუნების უფლება, რადგან უკან დაბრუნებით დამპყრობელი დაბრუნდება; სადაც შეიძლება აღმოვჩნდეთ, იქიდან უკან აღარ ბრუნდებიან. მემკვიდრეობით მივიღეთ ნგრევა, მაგრამ გადავცემთ აშენებულ საქართველოს, რადგან ჩვენ ვართ აღმშენებელი ერი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, როგორც არასდროს, ყველაფერს დღეს ქართველი ხალხი წყვეტს.

"ნუ აჰყვებით მათ, ვისაც თქვენი დაშინება უნდა ტელევიზიით, თავხედობით თუ უტიფრობით. არ გვეშინია ზეწოლის, ფულების, ტანკების ჯლიგინის, დავიცავთ მშვიდობას, ჩავატარებთ სამაგალითო არჩევნებს და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი, რომელსაც არაფერი შეშლია, მტრის ჯინაზე და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პირველ ოქტომბერს არა მთავრობის, არამედ საქართველოს თავისუფლებისა და მომავლის არსებობა-არარსებობის ბედი წყდება. „ამიტომ, არ გაქვს უფლება არ გავიმარჯვოთ. მთავარ სიტყვას ზეგ საქართველო იტყვის და ჩვენი სიტყვა იქნება ყველაზე მაგარი სიტყვა, რომელიც საქართველოს ოდესმე უთქვამს ისტორიაში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები