რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინისთვის გამოიყენებენ

REUTERS/Johanna Geron/File Photo

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ოფიციალურად მიიღეს გეგმა, რომლის მეშვეობითაც რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინის სამხედრო და სხვა ტიპის დახმარებას მოხმარდება. აღნიშნული ინფორმაცია ბელგიის მთავრობამ 21 მაისს გაავრცელა.

მანამდე, ევროკავშირის ელჩებმა გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებაზე შეთანხმებას მაისის თვის დასაწყისში მიაღწიეს, თუმცა ამჯერად გეგმაზე მინისტრებიც შეთანხმდნენ.

თავის მხრივ, აღნიშნული გეგმა მაღალი რანგის რუსმა დიპლომატმა დაგმო და განაცხადა, რომ ამ ქმედებას არაპროგნოზირებადი შედეგები ექნება, რადგან "ადრე თუ გვიან ევროკავშირი ვალდებული იქნება, რუსეთს დაუბრუნოს ის, რაც მოიპარა".

შეთანხმების ფარგლებში, მოგებიდან შემოსული თანხის 90% ევროკავშირის მართვის ქვეშ არსებულ ფონდში წავა, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის არის განსაზღვრული, ხოლო დანარჩენი 10% უკრაინისთვის სხვა ტიპის დახმარებას მოხმარდება.

ევროკავშირის გათვლებით, 2027 წლისთვის გაყინული აქტივები დაახლოებით 15-20 მილიარდ ევროს გამოიმუშავებს, რაც გაუთვალისწინებელ შემოსავლად ითვლება. მოსალოდნელია, რომ უკრაინა პირველ ტრანშს ივლისის თვეში მიიღებს.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა $300 მილიარდის ღირებულების რუსული ფინანსური აქტივები გაყინეს.

კომენტარები