იუსტიციის სამინისტრო

ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდების მასალები ბელგიაში გადაიგზავნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა, დღეს, 29 სექტემბერს, სპეციალური ბრიფინგი გამართა. ბურჯალიანის თქმით, სამინისტრომ ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები შემდგომი სამართალწარმოების მიზნით ბელგიის იუსტიციის სამინისტროს გადაუგზავნა. 
”პატიმრების წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წამებისთვის ბრალდებულად არის ცნობილი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოპერატიული მორიგე ვლადიმერ ბედუკაძე. ვლადიმერ ბედუკაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა დაპატიმრება და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სრულყოფილი და დროული განხორციელება, რის გამოც მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მიმართოს ბელგიის მხარეს საქმის შემდგომი გამოძიების საწარმოებლად”, - აღნიშნა თინა ბურჯალიანმა.
ეს პროცედურა სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა. 
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მასალების გაგზავნის პარალელურად, საქართველოში გამოძიება გრძელდება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე პატიმართა წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია 19 პირი.

კომენტარები