ოკუპირებული ტერიტორიები

ცხინვალი თბილისს თავდასხმაში ადანაშაულებს

ცხინვალის რეჟიმმა ქართული მხარე სასაზღვრო საგუშაგოზე თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც სააგენტო ინტერფაქსი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშრობის კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება, გუშინ, დილის 3:40 საათზე ქართულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა ოსურ საგუშაგოს სოფელ კარზმანის მიდამოებში. „სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებს“ საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კი მათ საქართველოს შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. ოსური წყაროები დაკავებულის ვინაობას ასახელებენ, რომელიც თითქოს, პოლიციის თანამშრომელი მოგოლ ტომიაშვილია. მას თან ჰქონდა M4-ის ტიპის ამერიკული კარაბინი ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნით.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის КГБ-ს განცხადებით, „ინციდენტი ოფიციალური თბილისის პროვოკაციული პოლიტიკის და უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში საზღვართან პოლიციისა და სამხედროების რაოდენობის ზრდის პირდაპირ შედეგს წარმოადგენს“. აღსანიშნავია, რომ 21 სექტემბერს ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიამ (EUMM) არ დაადასტურა ცხინვალისა და მოსკოვი ბრალდებები და ადმინისტრაციულ საზღვართან ქართული ძალების გაძლიერება უარყო, ამავე დროს, მისიამ დადასტურა, რომ საზღვრის გასწვრივ რუსული საოკუპაციო ძალების გაძლიერება შეინიშნება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხინვალის ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

 

კომენტარები