განცხადება

დაკავებულმა აქტივისტებმა ომბუდსმენის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ მათზე ძალადობენ

საქართველოს სახალხოს დამცველის წარმომადგენლთა ინფორმაციით, რომლებმაც შსს-ს რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული აქტივისტები, დაჩი ცაგურია და ბექა ალადოშვილი მოინახულეს, დაკავებულები მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლების განცხადებით: "დაპატიმრებულების განმარტებით, დაკავებისას და დაკავების შემდეგ მათ მიმართ პოლიციის მიერ განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლა, რის შედეგადაც მიყენებული აქვთ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები, თუმცა მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. დაპატიმრებულების გადმოცემით, ისინი თავს ამჟამად ნორმალურად გრძნობენ. სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა საქმის შესწავლისთვის საჭირო დოკუმენტაცია, რომლის მიღების შემდგომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება".

პარალელურად განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, სადაც დაჩი ცაგურიაზე ძალადობის ფაქტი უარყო -"გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მოქალაქე დაჩი ცაგურიას დაკავების შემდეგ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დაჩი ცაგურიამ დაკავების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პატრულის თანამშრომლებს. ცაგურიამ პოლიციელს შემოახია ფორმის პერანგი. მაშინ, როდესაც პოლიციის თანამშრომელი ცდილობდა მისთვის ხელბორკილის დადებას, ცაგურია აგრძელებდა წინააღმდეგობას. ამ დროს მას დაუზიანდა მუხლი, აქვს რამდენიმე ნაკაწრი და სიწითლე მარცხენა ხელზე. დაკავების შემდეგ დაჩი ცაგურია გადაყვანილი იქნა ქ. რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში. სადაც ის უკვე მოინახულეს ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებმა. მასთან შეუზღუდავი შესვლის უფლება აქვს მის ადვოკატს. შსს კიდევ ერთხელ აცხადებს რომ დაჩი ცაგურიაზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები