ფოკუსი

გიორგი ტუღუში: „ადრე ორი კაციც რომ დასჯილიყო, ჩვენ ამის მომსწრეები არ გავხდებოდით”

სექტემბერს გამოქვეყნებული, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოებისა და სასჯელაღსრულებით სისტემაში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე, ტაბულა საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს ესაუბრა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

სახალხო დამცველის ანგარიშებიდან ვიცოდით, რომ გლდანის მე-8 დაწესებულება განსაკუთრებით პრობლემურია პატიმრების უფლებების დარღვევის მხრივ – თუმცა ნანახმა ბევრის მოლოდინს გადააჭარბა. საუბრობდნენ თუ არა მონიტორინგისას თქვენს წარმომადგენლებთან პატიმრები კონკრეტულად ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა, მაგალითად, გაუპატიურება?

ის პირები, რომელთაც ასე მოექცნენ, სავარაუდოდ, ამაზე საუბრისგან თავს იკავებდნენ არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვებთანაც. შესაძლოა, საკუთარ ადვოკატთან რომელიმე ამას კონფიდენციალურად ამბობდა, თუმცა პატიმრების მხრიდან გაუპატიურების ფაქტებზე საუბარი და რაიმე სახის საჩივარი არ ყოფილა. მეტიც, გლდანის დაწესებულებიდან ელემენტარული ცემის ფაქტის გამოტანაც პრობლემა იყო, ისევე როგორც რაიმე სხვა სახის არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირება. ანგარიშებში შემოვიფარგლებოდი ინფორმაციის მიწოდებით, ოფიციალურად პატიმრებისგან დადასტურებული ფაქტები არ მქონია. როგორც ჩანს, ისინი თავს არიდებდნენ ამის ოფიციალურად გაცხადებას. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სარწმუნო ინფორმაცია მივიღეთ და მთელი რიგი უფლებადარღვევების თვითმხილველები გავხდით. თუმცა, როგორც ჩანს, ისინი საკმაოდ დიდი ხანია, აღბეჭდილია სხვადასხვა ფირებზე.

აქედან გამომდინარე, შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ სხვა საპყრობილეებშიც იგივე ხდება და ამის შესახებ ცნობილი არ არის?

გამიჭირდება გადაჭრით გითხრათ, რომ მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია სხვაგან. თუმცა შემიძლია ვიხელმძღვანელო წარსული მონიტორინგის შედეგებით – ჩემთვის ყოველთვის ყველაზე პრობლემური იყო გლდანის მე-8, ქუთაისის მე-2 და მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო მე-18 დაწესებულება. იყო სერიოზული ინციდენტები ქსნის დაწესებულებაშიც. დანარჩენ დაწესებულებებს რაც შეეხება, შეიძლება, ცალკეული ბრალდებები ყოფილიყო, თუმცა სისტემური პრობლემა, პირველ რიგში, დამახასიათებელი იყო გლდანის დაწესებულებისთვის.

ადამიანები, ვინც გავრცელებულ ვიდეოებში მონაწილეობისთვის დააკავეს, თქვენს ანგარიშებში ადრეც იყვნენ ნახსენები, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. რა ბერკეტი არსებობს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები შესრულდეს?

დიახ, რამდენიმე მათგანი, მაგალითად, ოლეგ ფაცაცია და სხვები, სახელით და გვარებით არიან ნახსენები 2010-2011 წლის ანგარიშებში, თუმცა, ამას არ მოჰყვა სათანადო რეაგირება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან – ესაა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც აქამდე მივედით. ამ ხალხს გამჯდარი ჰქონდა დაუსჯელობის სინდრომი. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ დაუსჯელობა პირიქით – მოტივაციას აძლევს თითოეულ ადამიანს, მით უმეტეს ჩაკეტილ დაწესებულებებში, ჩაიდინოს უფრო მეტი მსგავსი უფლებადარღვევა.

რაც შეეხება ამ პირებს, პატიმრებს ოფიციალური განცხადება მათ წინააღმდეგ არ გაუკეთებიათ, თუმცა მათ ასახელებდნენ, როგორც ყველაზე სასტიკ უფლებადამრღვევ თანამშრომლებს სასჯელაღსრულების სისტემაში. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე ხმამაღალი განცხადება, თუმცა ამ პრობლემამდე მივედით იმიტომ, რომ წარსულში ჩემი რეკომენდაციები და განცხადებები სათანადო ორგანოების მხრიდან ყურადღების გარეშე დარჩა. ახლა ისინი ისჯებიან, თუმცა ადრე ორი კაციც რომ დასჯილიყო, ჩვენ ამის მომსწრენი არ გავხდებოდით.

საკმარისია თუ არა პოლიტიკური ნება სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად?

პოლიტიკური ნება ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა გააკეთონ შესაბამისი განცხადებები და საზოგადოებამ ნათლად დაინახოს, რომ ეს პირები რეალურად დაისაჯნენ და მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს კანონის მთელი სიმკაცრე. ესაა ერთადერთი გზა, რომ პენიტენციარულ სისტემაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს წამების, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის და უკანონო დასჯის ფაქტები.

ვიდეოების გავრცელების შემდეგ გადადგა სასჯელაღსრულების მინისტრი, დააკავეს მონაწილე პირები. საკმარისად მიგაჩნიათ ეს, თუ ფიქრობთ, რომ უფრო ფართო სპექტრზე უნდა გავრცელდეს პასუხისმგებლობა?

მე ვფიქრობ, გაცილებით მეტი პირია დასაკავებელი. ამ ფირზე ალბათ არ არის აღბეჭდილი ყველა ის უფლებადამრღვევი, რომელიც მსგავს ქმედებებს ჩადიოდა. ამან ასევე უნდა მოიცვას სხვა საპატიმროებიც, განსაკუთრებით – სამკურნალო დაწესებულება გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის და ქსნის დაწესებულებები. ეს არის ყველასთვის მკაფიო სიგნალი, რომ დროა დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც, პირველ რიგში, ხელი შეუწყო ამ სისტემის ჩამოყალიბებას. მეორე მხრივ, მათი, ვინც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მძიმე უფლებადარღვევის ფაქტების გარდა, ხელს უწყობდა იმას, რომ ფაქტობრივად არ გამოსულიყო ინფორმაცია.

რაც შეეხება მომხდარის პოლიტიზებას, რამდენად წაადგება ეს თავად ციხეში მყოფ პატიმრებს?

ყოველთვის ვამბობდი, რომ საკითხების პოლიტიზება პოზიტიურ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოების გარკვეულ წრეებში სერიოზული საფუძველი არსებობს მღელვარებისთვის. ძალიან რთულია, ვიდეოფირზე მსგავსი ფაქტის ნახვის შემდეგ, საკუთარი აღშფოთება ვინმემ დამალოს და საჯაროდ არ გამოხატოს. მაინც მინდა, ყველას მოვუწოდო, დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში, ამ პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე სწორი გზაა კანონის ნორმების გამოყენება და იმ პირთა დასჯა. არავინ არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, დროა სასჯელაღსრულების სისტემა გაიწმინდოს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არანაირ კანონიერ ჩარჩოში არ ეტევიან.

როგორ ფიქრობთ, ციხეებში საპატრულო პოლიციის შესვლას ექნება თუ არა მყისიერი დადებითი ეფექტი?

იმ პერსონალზე უარესი, განსაკუთრებით, ვინც იმ ფირშია, რთულია რამე მოძებნო. პოლიციის მიერ სასჯელაღსრულების სამსახურის ჩანაცვლებას არ ვამართლებ, თუმცა ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ნორმალურ სასჯელაღსრულების სამსახურს, რომელიც ნულიდანაა შესაქმნელი. იმედს ვიტოვებ, პოლიციის შეყვანა არის ძალიან მოკლეხნიანი, იძულებითი ღონისძიება. რაც შეიძლება მალე, შსს-ს თანამშრომლები უნდა გაერიდონ სასჯელაღსრულების სისტემას – ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი და საერთაშორისო სტანდარტია, რომ სასჯელაღსრულების სისტემა ინსტიტუციურად არ უნდა იყოს დაკავშირებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვიმედოვნებ, მალე მოხდება არსებული თანამშრომლების ჩანაცვლება ისეთი ადამიანებით, რომლებიც მიდრეკილნი არ იქნებიან მსგავსი ქმედებებისკენ, თუმცა ამას ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება.

მოძალადე თანამშრომლები, ისინიც, რომლებიც არ ჩანან ფირებზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არიან და არა მარტო გლდანის დაწესებულებაში, დროულად უნდა მოშორდნენ სისტემას. ეს არის მთავარი ამ მომენტში.

უკეთესი გამოსავალი თუ არსებობდა ამ სიტუაციაში, პოლიციით ჩანაცვლების გარდა?

ციხე ვიღაცამ უნდა დაიცვას, გააკონტროლოს, რომ იქ წესრიგი იყოს, არ განვითარდეს არეულობა. აქედან გამომდინარე, ეს ალბათ უკიდურესი ზომაა. კარგია, რომ იქ კრიმინალური პოლიცია არაა შეყვანილი და საუბარია საპატრულო პოლიციაზე. დარწმუნებული ვარ, იქ ასევე დარჩება თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს ხალხი დროულად ჩანაცვლდეს სასჯელაღსრულების სისტემის ღირსეული თანამშრომლებით, თუნდაც გამოუცდელებით.

თავად სისტემის თანამშრომლების გადამზადება თუ გამოიღებს რეალურ შედეგს, პატიმრებისადმი მოქცევის თვალსაზრისით?

სასჯელაღსრულების სისტემას ჰყავდა ისეთი თანამშრომლებიც, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, არ იღებდნენ მონაწილეობას მსგავს ქმედებებში, ამიტომ, უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება. ბევრი ქვეყნისთვის დიდი ფუფუნებაა პროფესიონალი სასჯელაღსრულების სამსახურის შექმნა. ამას დრო დასჭირდება, თუმცა ცოტა ადრე რომ დაწყებულიყო ამაზე ზრუნვა, აქამდე არ მივიდოდით. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ზოგადად უფლებებს არღვევდნენ, მათი საშუალო მომზადების დონე იყო ძალიან დაბალი.

რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას ციხეებში სახალხო დამცველის მონიტორინგის შესახებ: რას გულისხმობს ეს გაძლიერება და როდის დაიწყება?

სავარაუდოდ, პრეზიდენტთან პირადად მექნება საუბარი ამ თემაზე – მივესალმები იმას, რომ სახალხო დამცველი დამატებით რესურსებს მიიღებს. ეს მიუხედავად იმისა, რომ იმ რესურსებით, რაც გვქონდა, მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ვახორციელებდით და დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ვასრულებდით. მაგრამ არის გზები, რითაც შეიძლება კიდევ უფრო ეფექტიანი და ინტენსიური გახდეს მონიტორინგი.

ვიმედოვნებ, რომ მთლიანად ბიუჯეტიდან მოხდება ჩვენი მონიტორინგის დაფინანსება, ვინაიდან დღემდე გარკვეულ ნაწილს დონორების საშუალებით ვაფინანსებთ.

რაც შეეხება თქვენს უფლებამოსილებებს – რა დამატებითი უფლებამოსილება გჭირდებათ იმისთვის, რომ ომბუდსმენის აპარატის მოქმედება უფრო ეფექტიანი გახდეს და ყველაფერი რეკომენდაციების შეუსრულებლობით არ დასრულდეს?

მე პარლამენტის წინაშე მქონდა გარკვეული მოთხოვნები უფლებამოსილებების გაზრდასთან დაკავშირებით, ნაწილი დაკმაყოფილდა, ნაწილი – არა. იმედია, თავიდან შევძლებ წამოვწიო ის მოთხოვნები, რაც კანონთან მიმართებით მქონდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ის, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე, რომელიც ეგზავნება შესაბამის უწყებას, მას ჰქონოდა ვალდებულება, დასაბუთებული პასუხი გაეცა თითოეულზე. მთელი რიგი წვრილმანი ცვლილებები შედიოდა კანონში, რომელიც სახალხო დამცველს უზრდიდა კომპეტენციებს და უადვილებდა სამუშაოს – ნაწილი დაკმაყოფილდა, თუმცა კიდევ არის დარჩენილი საკითხები.

მომდევნო დღეებში გაგრძელდება მონიტორინგი გლდანის ნომერ მე-18 დაწესებულებაში?

რა თქმა უნდა. არ არის არცერთი დაწესებულება, სადაც ამის საჭიროება იყო და ჩვენი წარმომადგენლები იქ არ ყოფილან. მათ შორის, გუშინ ღამე მოვინახულეთ დასავლეთ საქართველოს დაწესებულებები. გლდანს, რასაკვირველია, ჩვენი მხრიდან ყველაზე დიდი ყურადღება მიექცევა, ასევე ქსნის დაწესებულებაშიც ავლენ ჩვენი წარმომადგენლები. არავის არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ძალისხმევას დავიშურებთ, რათა დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას სანდო ინფორმაცია მიეწოდოს.

კომენტარები