ფილმი - ისლამის უცოდველობა

ობამამ და კლინტონმა ანტიისლამური ფილმის გამო ბოდიში პაკისტანის ტელევიზიით მოიხადეს

პაკისტანის ტელევიზიები აშშ–ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას და სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებას გადმოსცემენ, რომელშიც შეერთებულ შტატებში გადაღებული ანტიისლამური ფილმი ისლამის უცოდველობა დაგმობილია.

ტელევიზიის საშუალებით ნაჩვენები ვიდეოჩანაწერი ხაზს უსვამს, რომ „აღმაშფოთებელი" ფილმი აშშ–ის მთავრობის შეკვეთით არ შექმნილა და რომ ძალადობის ფაქტებს არანაირი გამართლება არ აქვს.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეერთებული შტატების მთავრობამ პაკისტანის შვიდ ტელეარხზე 30–წამიანი ვიდეორგოლის გასავრცელებლად  70 ათასი დოლარი დახარჯა. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივით ისლამაბადში არსებული აშშ–ის საელჩო გამოვიდა, რადგან ამერიკელი ლიდერების განცხადებები პაკისტანის მოსახლეობამდე ვერ აღწევდა.

გასულ კვირას პაკისტანის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეოპორტალი YouTube დაბლოკა. ამის მიზეზი აშშ-ში გადაღებული ანტიისლამური ფილმი გახდა.

აშშ-ში გადაღებულ სამოყვარულო ფილმს უკვე მოჰყვა მასობრივი გამოსვლები მუსლიმურ სამყაროში, ანტიამერიკული აქციები გაიმართა ლიბიაში, ეგვიპტეში, ერაყში, ირანში, ტუნისსა და სხვა ქვეყნებში.

20 სექტემბერს ისლამაბადში არსებულ აშშ–ის საელჩოსთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის დაშლაც  პოლიციამ ცრემლსადენი გაზით მოახერხა. აქციის მონაწილეები საელჩოს დაწვას შეეცადნენ, მათ დემონსტრაციულად დაწვეს ბარაკ ობამას ფოტოსურათები.

 

კომენტარები