ფილმი - ისლამის უცოდველობა

აშშ-ში ანტიისლამური ფილმის სავარაუდო შემქმნელი დააკავეს

კალიფორნიაში ანტიისლამური ფილმის - ისლამის უცოდველობის სავარაუდო პროდიუსერი დააკავეს. ლოს-ანჯელესის პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება, ნაკულა ბასელი ნაკულა პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლების პირობის დარღვევისთვის დააკავეს.

სამართალდამცავების თქმით, 55 წლის მამაკაცის დაკავება დაკავშირებულია არა ანტიისლამური ფილმის შექმნასთნ, არამედ მის მიერ განხორციელებულ დარღვევასთან. იგი კალიფორნიაში ფინანსური მაქინაციებისთვის გაასამართლეს, ხოლო 2011 წელს ვადამდე ადრე გაათავისუფლეს.

გასულ კვირას პაკისტანის სახელმწიფო მინისტრმა ისლამის უცოდველობის ავტორის მკვლელობისთვის ჯილდოდ 100 ათასი დოლარი დააწესა. აშშ-ში გადაღებულ სამოყვარულო ფილმს მასობრივი გამოსვლები მოჰყვა მუსლიმურ სამყაროში, ანტიამერიკული აქციები გაიმართა ეგვიპტეში, ერაყში, ირანში, ტუნისსა და ლიბიაში, სადაც აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმას ამერიკელი ელჩი და დიპლომატები ემსხვერპლნენ.

ცოტა ხნის წინ აშშ-მ კომპანია Google-ს, რომელიც YouTube-ს ფლობს, თხოვნით მიმართა, წაეშალა პორტალიდან ისლამის უცოდველობის 14-წუთიანი ვიდეო. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნულზე უარი განაცხადეს, რადგან მათი თქმით, ვიდეორგოლის განთავსების შედეგად არ დარღევეულა პორტალით სარგებლობის წესები.

 

კომენტარები