ფილმი - ისლამის უცოდველობა

პაკისტანში ანტიისლამური ფილმის გამო YouTube დაბლოკეს

პაკისტანის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეოპორტალი YouTube დაბლოკა. Svobodanews-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი აშშ-ში გადაღებული ანტიისლამური ფილმი ”ისლამის უცოდველობა” გახდა, რომელმაც მუსლიმურ სამყაროში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. პაკისტანის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვებგვერდი მანამდე იქნება დაბლოკილი, სანამ აღნიშნულ ვიდეოჩანაწერს ინტერნეტიდან არ აიღებენ.

გამოცემის ცნობით, პაკისტანის რამდენიმე ქალაქში ანტიამერიკული დემონსტრაციები გაიმართა, პოლიციასთან დაპირისპირებისას ერთი აქტივისტი დაიღუპა.

აშშ-ში გადაღებულ სამოყვარულო ფილმს უკვე მოჰყვა მასობრივი გამოსვლები მუსლიმურ სამყაროში, ანტიამერიკული აქციები გაიმართა ლიბიაში, ეგვიპტეში, ერაყში, ირანში, ტუნისსა და სხვა ქვეყნებში.

გავრცელებული ცნობით, ”ისლამის უცოდველობის” აკრძალვის მიზნით შესაძლოა მალე რუსეთშიც შეიზღუდოს წვდომა YouTube-ზე.

კომენტარები