სასჯელაღსრულების სისტემა

მოდულის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოდულის შენობასთან სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს. დემონსტრანტების ნაწილი შენობის შესასვლელთან დგას.

აქციის მონაწილეები, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით რამდენიმე ათას ადამიანს შეადგენს, ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ. დემონსტრანტები შს მინისტრის ბაჩო ახალაიას და მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

დემონსტრანტების თქმით, ისინი აქციების გაგრძელებას მანამდე აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათი განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემა მთლიანად არის შესაცვლელი.

მოდულის შენობასთან შექმნილი ვითარების გამო უწყების თანამშრომლები გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებენ.

ამ დროისთვის მოდულის შენობასთან შეკრებილმა ხალხმა დაშლა დაიწყო. მიმდებარე ტერიტორის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აქციის მონაწილეების თქმით, დაშლის გადაწყვეტილება მათ არეულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს. ისინი მოდულის შენობასთან აქციის გაგრძელებას ხვალ სამი საათიდან აპირებენ. 

 

 

 

კომენტარები