ფეხბურთი

ტალანტები, რომლებისგანაც ბევრს ველით

ფეხბურთელისთვის ტალანტის ქონა ბევრს ნიშნავს. თითქმის ყველაფერს. ქვემოთ ჩამოთვლილ ახალგაზრდებს ყველანაირი შანსი აქვთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს ან ლიონელ მესის დონეზე ითამაშონ, მაგრამ ერთი არასწორი ნაბიჯი, ან უიღბლობა და მაიკლ ოუენის თუ დენილსონის ბედიც არაა შორს. მოკლედ, რა როგორ იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს, ჩვენ კი დღესდღეობით მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდა მოთამაშეებს გადავავლოთ თვალი.

ედენ აზარი (21 წლის)

ბელგიელი ედენ აზარი ნამდვილ საფეხბურთო ოჯახში გაიზარდა. მისი მშობლები წარსულში პროფესიულ ფეხბურთს მისდევდნენ და ოთხივე შვილიც თავიანთ „გზას გაუყენეს”. აზარის დედა სამი თვის ორსული იყო, როცა ფეხბურთს თავი დაანება და 6 თვეში გაჩნდა ბავშვი, რომელიც საფეხბურთო ოჯახში ჯერჯერობით ყველაზე წარმატებულია. ჯერჯერობით იმიტომ, რომ სულ ახლახან ლონდონის ჩელსის შემადგენლობაში ჩაირიცხა ედენის ძმა, თორგანი, რომელიც 19 წლისაა და ძმის მსგავსად, როგორც ფლანგზე, ასევე შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც წარმატებით თამაშობს.

აზარი სულ ახალგაზრდა მივიდა ფრანგულ ლილში და ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდებოდა, როგორც ფეხბურთელი. გარდა იმისა, რომ საოცრად ტექნიკურია, ბელგიელს თავადაც გააქვს და ამავდროულად, პასიც იცის. მისი სტატისტიკა ყოველ წელს უმჯობესდებოდა. 2011-12 სეზონში აზარმა 22-ჯერ გაიტანა, თანაგუნდელებს კი 16 შედეგიანი გადაცემა გაუკეთა. რა გასაკვირია, რომ 21 წლის ნახევარმცველის გადაბირებას, ფაქტობრივად, ყველა გრანდი ცდილობდა. 2008-2009 სეზონის შემდეგ აზარს თვით ზინედინ ზიდანმა დაადგა თვალი და მადრიდის რეალს მიანიშნა, რომ ბელგიელის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. „ედენი ტექნიკურად დაჯილდოებული და ძალიან სწრაფია. მომავალში ის დიდი ვარსკვლავი იქნება. მე მას, მადრიდის რეალში, თვალდახუჭული წავიყვანდი”, – განაცხადა ზიდანმა.

აზარი უცებ არ გახსნილა და ეს მისი მაქსიმუმი არ უნდა იყოს, რადგან პროგრესირებას თითოეულ სეზონში აგრძელებდა და რომ არა ლილის ხელმძღვანელობის მცდელობა, ბელგიელი უკვე მესამე სეზონში დატოვებდა გუნდს. ეს არის უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ტრანსფერი, რომელიც ლონდონის ჩელსის ოდესმე განუხორციელებია. ვნახოთ, როგორ მოერგება ედენი ინგლისის პრემიერლიგას, ჯერჯერობით კი არისტოკრატების ფორმით, მის აქტივში ერთი გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა, რაც უდავოდ შთამბეჭდავი შედეგია.

ნეიმარი (20 წლის)

სახელი მას მამისგან ერგო. ნეიმარ და სილვა უფროსი, რომელიც თავად ყოფილი ფეხბურთელია, ბავშვობიდანვე სერიოზულად უყურებდა შვილის საფეხბურთო მომავალს. ოჯახის მცირე ფინანსური შესაძლებლობების დიდი ნაწილი, პატარა ნეიმარისათვის პირობების შესაქმნელად იხარჯებოდა და ამან ნელ-ნელა შედეგიც გამოიღო. სანტოსში გადასვლის

შემდეგ, 14 წლის ნეიმარი მადრიდში გაემგზავრა. იმ დროს რეალში რონალდო, ზიდანი და ბექჰემი თამაშობდნენ. სამეფო კლუბის იუნიორთა გუნდში სინჯების გავლის პერიოდში, დაბრუნების სანაცვლოდ, სანტოსის ხელმძღვანელობამ ნეიმარს 1 მილიონი რეალი აღუთქვა და ბრაზილიელიც სამშობლოში დაბრუნდა. ასაკობრივი გუნდებში თამაშის შემდეგ, 2009 წელს, სპეციალისტების მიერ ვუნდერკინდად შერაცხულ ფეხბურთელს სანტოსის ძირითად გუნდში დებიუტი ჰქონდა.

რომელ პოზიციაზეც არ უნდა დააყენონ, ნეიმარი ვერცხლისწყალივით მოძრაობს მეტოქის კარის მიმართულებით. ის შემტევია და არ აქვს მნიშვნელობა, სად იდგება: ფლანგზე, შემტევი ნახევარმცველის თუ თავდამსხმელის პოზიციაზე, ბრაზილიელი, ნებისმიერი ადგილიდან საშიშია.

ფენომენთან შედარებულს, სტატისტიკაც ფენომენალური აქვს – სანტოსის შემადგენლობაში ჩატარებული 190 მატჩიდან, ნეიმარს 113 გოლი აქვს გატანილი. უფრო აქტუალურ სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, 2012 წელს გამართულ 35 მატჩში, ნეიმარ და სილვა სანტოს უმცროსმა სულაც 33-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება, რაც წარმოუდგენელი შედეგია. ამ ყველაფრის შემდეგ, გასაკვირი არ არის, რომ ბრაზილიური ფეხბურთის მთავარი იმედის ხელში ჩაგდება, ევროპულ სუპერკლუბთა რეკორდულ რაოდენობას სურს. სანამ ბარსელონა, მადრიდის რეალი და პსჟ ერთმანეთს ეცილებიან, ნეიმარი არ ჩქარობს გუნდის დატოვებას. ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა...

მარიო გიოტცე (20 წლის)

მარიო გიოტცეს სახით გერმანულ ფეხბურთს დიდი ტალანტი ეზრდება. თუ ახალგაზრდა ნახევარმცველის საფეხბურთო კარიერა სწორი გზით განვითარდა, მას შეუძლია ბუნდესგუნდისათვის შეუცვლელ მოთამაშედ იქცეს. არ ვიცი, ბოლოს როდის ჰყავდა გერმანიას ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, მაგრამ ფაქტია, რომ დორტმუნდის ბორუსიას 20 წლის შემტევი, თავისი თამაშით გულგრილს ვერავის დატოვებს. გიოტცე ჭკვიანი, სწრაფი და, ამავდროულად, ძალიან ტექნიკურია. მას აქვს შესანიშნავი დრიბლინგი და სწორედ ამ რამდენიმე კომპონენტის ხარჯზე, გადაუჭრელი პრობლემაა ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის.

მარიო მემინგენში ბავარიაში დაიბადა, მაგრამ თამაში დორტმუნდის ბორუსიის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო და ასაკობრივ გუნდებში ნელ-ნელა დაწინაურების შემდეგ, 2009 წლის 29 ნოემბერს, ბუნდესლიგაში დებიუტიც ჰქონდა. 2009-10 წლის ზამთრის შესვენების შემდეგ, დორტმუნდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, დაინახა რა გიოტცეს მრავალმხრივი შესაძლებლობები, ახალგაზრდა ტალანტი პირველ გუნდში გადაიყვანა.

ასაკის მიუხედავად, მარიოს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში უკვე 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული. გერმანული ფეხბურთის იმედმა პირველი გოლი ბრაზილიის ნაკრებს, გასული წლის 10 აგვისტოს გაუტანა და შედეგად, კლაუს

შტურმერთან ერთად, ქვეყნის ისტორიაში ომის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანად იქცა. მრავალი შემოთავაზების მიუხედავად, გიოტცე ბორუსიის ერთგულად რჩება. 27 მარტს, ნახევარმცველმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც 2016 წლამდე ის დორტმუნდელთა საკუთრებაა. ბარძაყის საკმაოდ მძიმე ტრავმის შემდეგ, აპრილში გიოტცე კვლავ დაუბრუნდა მოედანს, წლევანდელი სეზონის პირველივე მატჩში კი ბრემენის ვერდერის წინააღმდეგ შესულმა, გოლის გატანაც მოასწრო.

ბოლოს კი, იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს მომავალში ქართველ ფეხბურთელთა წარმატებებზეც ვისაუბრებთ. ახალგაზრდა ჩვენებურთა სწორედ რომ წარმატებული კარიერა მოენატრა ქომაგს, თორემ ნიჭი და ტექნიკა რომ არ გვაკლია, ამაზე არავინ დავობს. ჯანო ანანიძის, თორნიკე ოქრიაშვილის, ვაკო ყაზაიშვილის, გიორგი ჭანტურიას და სხვა მრავალი ახალგაზრდა, მართლაც ნიჭიერი ფეხბურთელის მონაცემებში ეჭვს ვერავინ შეიტანს. უბრალოდ, დამსხვრეული იმედები გვაქვს ბევრი – გიორგი ქინქლაძის გაცვეთილ თემას რომ თავი დავანებოთ, რატი ალექსიძე, ლევან ყენია, რომელიც ტრავმებმა დატანჯა... კიდევ ბევრის გახსენება შეიძლება, მაგრამ იმედიანად დავამთავროთ – 17 წლამდელთა გუნდის კაპიტანი ნიკა ჭანტურია ხომ ლონდონის არსენალის მეორე გუნდში ისინჯება, თორნიკე ოქრიაშვილს კი თავის მეოთხე სანაკრებო შეხვედრაში ისეთი გოლი გააქვს, ზემოთ ჩამოთვლილ ვუნდერკინდთაგან ნებისმიერი რომ მოაწერდა ხელს. მოკლედ, მომავლის იმედი არის!

 

კომენტარები