საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარედ აირჩიეს

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეთა შეხვედრაზე საქართველო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარედ სამი წლის ვადით აირჩიეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, 2014 წლიდან საქართველო, ავსტრიის შემდეგ, გახდება კონგრესის თავმჯდომარე სახელმწიფო, ხოლო კონგრესის თავმჯდომარის თანამდებობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დაიკავებს.

2014-2017 წლების განმავლობაში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში დაგეგმილ ყველა მაღალი რანგის ღონისძიებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქალაქ ბათუმში უმასპინძლებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, საქართველო კონგრესის თავმჯდომარედ ყველა მონაწილე სახელმწიფოთა საკონსტიტუციო სასამართლოების კენჭისყრის საფუძველზე იქნა არჩეული. კონგრესის მონაწილე 40 ევროპული ქვეყნიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხოლოდ რუსეთმა არ დაუჭირა მხარი.

კონგრესი 1971 წელს დაარსდა და ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებს აერთიანებს. ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

 

კომენტარები