გაზპრომი

ევროკომისია გაზპრომის წინააღმდეგ

ევროკომისიის გამოძიება რუსეთის მთავრობის კონტროლირებად კომპანია გაზპრომს სერიოზულ პრობლემებს უჩენს. დაწყებულ გამოძიებას უფრო და უფრო ფართო მასშტაბებში გადასვლის პერსპექტივა აქვს.

მონოპოლიის წინააღმდეგ მიმართულ გამოძიებას ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატი უძღვება. დირექტორატს დომინანტობის ბოროტად გამოყენების საქმე ევროპული სასამართლოს წინაშე მას შემდეგ არ წაუგია, რაც 1958 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. კომისია არ იწყებს გამოძიებას, სანამ მტკიცებულების თვალსაჩინო რაოდენობა არ გააჩნია. გამოძიების დაწყებასთან ერთად, მომჩივნების რაოდენობა მეტი მტკიცებულებით მატულობს ხოლმე, რითაც აღძრულ საქმეს უფრო აფართოებს.

გაზპრომის წინააღმდეგ გამოძიება სამ მთავარ საკითხზეა ფოკუსირებული. პირველია ეჭვის მიტანა გაზპრომის მიერ ბაზრების დაყოფით გაზის თავისუფალი დინების ხელის შეშლაში. მეორე არის გაზპრომის მიერ გაზის მარაგის დივერსიფიკაციის თავიდან აცილება. ეს ბრალდება ძირითადად კომპანიის მიერ მესამე მხარის გაზის მომწოდებლებისთვის საკუთარ მილსადენებზე წვდომის უარის თქმას უკავშირდება. ამ მხრივ გაზპრომის მთავარი პრობლემაა ევროკავშირის ხელშეკრულებები დომინანტობის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. რომის ხელშეკრულების 102-ე სტატია „განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას” ანიჭებს გაბატონებულ კომპანიებს კონკურენციის პატივსაცემად. მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ შეიძლება დასვას საკითხი, საერთოდ მიუღია თუ არა გაზპრომს სერიოზულად ევროკავშირის ანტიმონოპოლიური ვალდებულებები.

კომისიის გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მესამე საკითხი – კავშირი ნავთობისა და გაზის ფასებს შორის გაზპრომის გრძელვადიან კონტრაქტებში. მოსკოვი შიშობს, რომ ფიქლის გაზის ბუმით და გათხელებული გაზის წარმოებაში აღმავლობით გამოწვეული გაზის ბაზრის ლიკვიდურობის გამო, ნავთობი-გაზის კავშირის შეწყვეტა გაზპრომის შემოსავლებს დააზიანებს. ამ კავშირის დანგრევა გაზპრომის ამჟამინდელ ბიზნესმოდელს საფუძველს გამოაცლის.

ამის გარდა, გაზპრომმა შეიძლება უფრო უარესი შედეგებიც მიიღოს. ევროკომისიის გამოძიება გაზპრომის საქმიანობაზე ცენტრალურ, აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში მხოლოდ 2004 წლის 1 მაისიდან იწყება, როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირს შეუერთდნენ. გაწევრიანების გზაზე იგივე ქვეყნები 1994 წლიდან მორიგდნენ ევროკავშირის ეკვივალენტური ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემოღებაზე. გაზპრომისთვის დიდი საფრთხეა, თუ ეროვნული ანტიმონოპოლიური სამსახური 1994-დან 2004 წლამდე პერიოდში მისი ქმედებების გამოძიებას შეუდგება. ეს გამოძიების მასშტაბებსა და კომპანიის ვალდებულებას მნიშვნელოვნად გააფართოებს.

კომენტარები