ფილმი - ისლამის უცოდველობა

საქართველოს საგარეო სამინისტრო სუდანში საელჩოებზე თავდასხმას ეხმიანება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს სუდანის დედაქალაქ ხართუმში დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

„ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ს მისიაზე 2012 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, მიმდინარე ძალადობა მიანიშნებს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელშეუხებლობის დარღვევის საგანგაშო ტენდენციაზე, რაც ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოსათვის. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მკაცრად გმობს სუდანში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუდანელი დემოსტრანტები ქალაქ ხართუმში გერმანიის საელჩოში შეიჭრნენ და ისლამური დროშები აღმართეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო - Reuters - იტყობინება, დემონსტრანტების პროტესტი გამოიწვია ფილმმა - ისლამის უცოდველობა, რომელიც მათი აზრით მუჰამედ წინასწარმეტყველს შეურაცხყოფს.

სანამ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდებოდა, პოლიციამ 5000-მდე მონაწილის დაშლა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით ცადა. დემონსტრანტები ცდილობდნენ ალყა შემოერტყათ გერმანიის საელჩოსა და ბრიტანეთის მისიისთვის. პროტესტანტებმა გერმანიის საელჩოში შეჭრა მოახერხეს და ისლამური დროშაც აღმართეს. Reuters-ის თვითმხილველის ცნობით, მათ დალეწეს ფანჯრები, კამერები და ავეჯი და შემდეგ შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

პროტესტში მონაწილეების თქმით, გერმანიის საელჩო იმიტომ დაარბიეს, რომ 2010 წელს კანცლერმა ანგელა მერკლემა დანიელი კარიკატურისტი დააჯილდოვა, რომელმაც 2005 წელს მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურა დახატა.

დემონსტრაციები გუშინ ლიბიაში, იემენში, ერაყში, ირანში, ტუნისსა და სხვა ქვეყნებშიც გაიმართა. ავღანეთსა და პაკისტანში კი, Youtube-ზე წვდომა შეზღუდეს, რათა მოქალაქეებმა სკანდალური ფილმის ნახვა ვერ შეძლონ. დასავლური მედიის ცნობით, განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება ეგვიპტეში, სადაც ახალგაზრდები ამერიკელ დიპლომატებს ემუქრებიან და სამართალდამცველებს ქვებს ესვრიან. დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს ევროპაშიც. ბერლინში მდებარე აშშ-ის საკონსულოს შენობაში სავარაუდო ტერაქტის საფრთხის გამო თანამშრომლების ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ დილით უცნობმა საეჭვო პაკეტი დატოვა. სამართალდამცავების ცნობით, საეჭვო პაკეტს უცნაური სუნი ასდიოდა და საკონსულოს სამ თანამშრომელს სუნთქვაც გაუჭირდა.

თავდასხმების სერია 11 სექტემბერს ლიბიიდან დაიწყო, როცა ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსი და მასთან ერთად სამი დიპლომატი მოკლეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ დაგმო ფილმი და განაცხადა, რომ მასთან კავშირი არ აქვს.

ფილმი - ისლამის უცოდველობა, რომელიც ისლამურ ქვეყნებში მასობრივი არეულობის მიზეზი გახდა, მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ალტერნატიულ ისტორიაზეა აგებული. 

კომენტარები