განათლება

ხატია დეკანოიძე: სკოლას ფასი დაედო

ორი თვეა, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა. მომავალი წლიდან სამინისტრო ახალი საგამოცდო სისტემის, 8+1-ის დანერგვას აპირებს. ახალი ტიპის გამოცდებისთვის სამზადისზე, სწავლის ხარისხზე, განათლების სისტემის პრიორიტეტებსა და რეფორმასთან დაკავშირებულ ზოგად ხედვებზე, ტაბულა განათლების ახალ მინისტრს, ხატია დეკანოიძეს ესაუბრა.

 

თქვენი მინისტრობის პირველ პერიოდს დაემთხვა ისეთი მასშტაბური მოვლენა, როგორიცაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. მინისტრობასთან ერთად გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასაც ითავსებთ. რა სირთულეებს წააწყდით? ახლა, როდესაც გამოცდები დასრულდა, ეყოლება თუ არა გამოცდების ცენტრს ახალი ხელმძღვანელი?

გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობასთან შეხება მხოლოდ მინისტრის რანგში არ მქონია. მოგეხსენებათ, სამინისტროს ხელმძღვანელობამდე, ეროვნული ცენტრის დირექტორი ვიყავი – დავინიშნე საკმაოდ ცხელ პერიოდში, გამოცდები კარზე იყო მომდგარი. მთელ წინასაგამოცდო სამზადისთან მქონდა შეხება. ასე რომ, მინისტრის რანგში ჩემთვის ეს უცხო არ ყოფილა. პირიქით, დღესაც აქტიურად ვარ ჩაბმული გამოცდების ცენტრის მუშაობაში. ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა ყოველგვარი ტექნიკური თუ ლოგისტიკური პრობლემის გარეშე. კარგად ჩატარდა მასწავლებლების სერტიფიცირების გამოცდებიც.

რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, გამოცდების ცენტრს ჯერჯერობით ძალიან ბევრი საქმე აქვს: დაგეგმილია 8+1 სისტემის შემოტანა, სწავლის დაწყების პირველივე დღეებში ვაპირებთ, აქტიურად ჩავებათ ამ სტრატეგიის ადგილზე გაცნობაში მე-12 კლასელებისთვის. ამიტომ, უახლოესი პერიოდის მანძილზე, ალბათ კვლავ მექნება პატივი, უშუალოდ ვიყო პასუხისმგებელი გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობაზე.

თავად ცენტრი გამართულად ფუნქციონირებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გამოცდების პერიოდში მონაწილეობა მიიღო ამ საქმიანობაში – ძალიან შრომატევადი იყო.

დასრულდა თუ არა ახალ საგამოცდო 8+1 სტრატეგიაზე მუშაობა? ცნობილი იყო, რომ ახალი სტრატეგია აგვისტოს ბოლოს მზად უნდა ყოფილიყო. როდის გახდება ის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი?

სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. 8+1 სისტემით ადამიანთა ბევრი ჯგუფია დაინტერესებული: განათლების სფეროში ჩართულია მშობელი, ბავშვი, მასწავლებლები, სკოლის დირექტორები, უმაღლესი სასწავლებლები. არცერთი დაინტერესებული პირის კითხვა უპასუხოდ არ დაგვიტოვებია.

მინდა, 8+1 უშუალოდ გავაცნო აბიტურიენტებს. მინისტრობის მთელი ეს პერიოდი მასწავლებლებს ვხვდები, ვესაუბრები 8+1 მოდელზე. ბევრი იდეა წამოვიდა თავად პედაგოგებისგან. ეს ადამიანები უშუალოდ არიან ჩართული პროცესში, ამიტომ მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.

როგორც გამოვაცხადეთ, ნოემბრის ბოლოს ვაპირებთ, გავაკეთოთ იმ აბიტურიენტების რეგისტრაცია, რომელთაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ან კონკურსში ქულები არ ეყოთ. ვფიქრობთ, იანვრისთვის თავიანთი შედეგის გაუმჯობესება შეეძლებათ. 8+1-ის მთავარი იდეა სწორედ ისაა, რომ ბავშვმა შედეგის გაუმჯობესება შეძლოს და არ ელოდოს მეორე ზაფხულს. გვინდა, სისტემა შევცვალოთ – გამოცდები არ იყოს ერთ თვეზე მიბმული და იყოს მუდმივი.

ახალი სისტემის მთავარი იდეაა ისიც, რომ ბავშვებმა გამოცდები სკოლებში ჩააბარონ – საკლასო ოთახებში,

კომპიუტერებთან – ახლა ყველა სკოლა იძლევა ამის საშუალებას. ჩვეულ გარემოში გამოცდების ჩაბარება მათთვის უკეთესი იქნება. რასაკვირველია, უნდა გავმიჯნოთ გარემოს კეთილგანწყობა და ლმობიერება ცოდნის მიმართ. ეს უკანასკნელი არ შეიძლება, მაგრამ კეთილგანწყობა და ბავშვისთვის ნაცნობი სიტუაცია სასურველია.

ტესტების აპრობაციები როდის დაიწყება?

ტესტები უკვე იწერება. გამოცდების ეროვნულ ცენტრში მისვლიდან, შესაბამის ადამიანებს ტესტებზე მუშაობის მითითება აქვთ და წერენ. ტესტის რამდენიმე ვარიანტის ნაცვლად, გვინდა, ბევრი ვარიანტი გვქონდეს, რაც შრომატევადი პროცესია.

აპრობაციები აუცილებლად დამთავრდება მანამ, სანამ მორჩება საბოლოო რეგისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტესტი გამართული ვერ იქნება. ვთვლით, რომ მომავალი წლის დასაწყისისთვის უკვე მზად ვიქნებით, გამოცდების ეს რევოლუციური მოდელი ავამოქმედოთ.

თუ არის შესაძლებელი ამ სტრატეგიის დეტალებზე საუბარი – რომ აღვწეროთ 8+1 მოდელი. მაგალითად, საინტერესოა, საატესტატო გამოცდების დროს იქნება შეჯიბრებითობის პრინციპი თუ უბრალოდ ბარიერი, რომლის გადალახვაც მოუწევს მოსწავლეს?

შემიძლია საიდუმლო გავამჟღავნო, თუმცა ეს უკვე ბევრმა პედაგოგმა იცის: დაწესდება ატესტატის ასაღები ბარიერი. კონკრეტულ ციფრს ვერ გეტყვით, რადგან ტესტები მთლიანად შეიცვლება და ექსპერტების გადასაწყვეტია, რომელ საგანს რა კოეფიციენტი მიენიჭება. ბარიერის გადალახვის შემდეგ ბავშვი აიღებს ატესტატს, შემდეგ კი შეუძლია, გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა უმაღლესში ჩასაბარებლად.

რაც შეეხება უმაღლესში მოსახევრად თითოეული საგნის ბარიერს, ჩვენ მივეცით თავისუფლება უმაღლესებს და ახლა მათ ვესაუბრებით. ვფიქრობთ, რომ ყველაზე სამართლიანი შეჯიბრებითობის პრინციპია, მაგრამ უნივერსიტეტებთან შეთანხმებით. მათი გადასაწყვეტია, რა ცოდნის და ხარისხის სტუდენტი სჭირდებათ სხვადასხვა ფაკულტეტზე. ვფიქრობთ, უკვე მე-12 კლასელებთან შეხვედრისას გვექნება იმ ბარიერების ნუსხა, რომელიც შეიძლება იყოს 8+1 მოდელზე.

8+1 კარგი მოდელია იმისთვის, რომ ბავშვი კიდევ უფრო დაბრუნდეს სკოლაში – ზოგადი განათლება ყველა ბავშვის უფლებაა. ზოგად განათლებაში ვგულისხმობთ, რომ ყველა ის საგანი, რომელიც ისწავლება სკოლაში, ბავშვმა უნდა აითვისოს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს, როდესაც საატესტატო გამოცდების გარდა, აბიტურიენტებს კიდევ ოთხი გამოცდის ჩაბარება უწევდათ და ამისთვის ბევრი მათგანი რეპეტიტორთან დადიოდა, გამოდიოდა, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იყო უმაღლესში ჩასაბარებლად. რა გაძლევთ იმ ვარაუდის საფუძველს, რომ სკოლის საატესტატო გამოცდებით უმაღლესში მოხვედრის სტანდარტი არ დაიწევს?

ეს ტესტების მოვალეობაა: პროფესიონალურად შედგენილი ტესტები იძლევა გარანტიას, რომ ბავშვის ცოდნა ობიექტურად შეფასდება.

მე არ ვთვლი, რომ ეს სტანდარტს დაწევს. პირიქით, როდესაც ბავშვი იქნება ორიენტირებული სწავლაზე და ეცოდინება, რომ სკოლაში მიღებული ცოდნით შეეძლება აიღოს ატესტატი და მოხვდეს უნივერსიტეტში, ეს დაეხმარება გადაწყვეტილებაში, რომ სკოლაში კარგად უნდა ისწავლოს.

გარდა ამისა, ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. გვინდა შემოვიღოთ ცენტრალიზებული სასკოლო წერები – მეტი

საკონტროლოები თუ სასკოლო წერები დაწერონ ბავშვებმა, მეტად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ოლიმპიადებში. ვინც ამ ყველაფერს წარმატებით გაართმევს თავს, შეგვიძლია წავახალისოთ, თუნდაც რაღაც კოეფიციენტით შევუმსუბუქოთ გამოცდები.

ეს მოიტანს თანმიმდევრულ ცოდნას – პირველიდან მე-12 კლასამდე და არა მხოლოდ ბოლო ორი წელი გამოცდებისთვის. ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა ავამაღლოთ ზოგადი განათლების ხარისხი.

რაც შეეხება ხარისხს: განათლების სამინისტრო ხშირად აცხადებს, რომ სკოლაში სწავლის ხარისხი ამაღლდა – რით შეგიძლიათ ამის დადასტურება?

მარტივად გეტყვით – ჯერ კიდევ დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს, აღფრთოვანებული ვიყავი, რომ მან მოახერხა, ბავშვი დაებრუნებინა სკოლაში. სკოლას ფასი დაედო.

მნიშვნელოვანია, ბავშვმა იაროს სკოლაში. ესაა ადგილი, სადაც ხდება ცოდნის აკუმულირება. მიმაჩნია, რომ, მაგალითად, არასაპატიო მიზეზით გაცდენა, ზოგადი განათლების მიღებას შეუშლის ხელს.

ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია მასწავლებელი. სერტიფიცირებული და კვალიფიცირებული მასწავლებელი თავისთავად ნიშნავს ზოგადი განათლების კარგ ხარისხს. სერტიფიცირების რამდენიმე ტალღა იყო იმისთვის, რომ მუდმივად ხდებოდეს მასწავლებლის პროფესიული ზრდა.

ვფიქრობ, მასწავლებელთა ტრენინგი უნდა იყოს არა მხოლოდ სერტიფიცირების, არამედ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. კვალიფიკაციის ამაღლება გამოიწვევს სწავლის ხარისხის გაზრდას. ამიტომ ვგეგმავთ ფართომასშტაბიან ტრენინგს, რომელშიც პრაქტიკულად მთელი საქართველო ჩაერთვება. სწავლის დაწყებისთანავე ყველა სკოლაში დარიგდება კითხვარები, სადაც მასწავლებლები ჩაწერენ, რა სახის ტრენინგი სჭირდებათ. შემდეგ შევაჯერებთ ამ მოსაზრებებს და ყველაფერს დავგეგმავთ. ეს საშუალებას მოგვცემს, სამინისტროსა და მასწავლებელს შორის კომუნიკაცია უფრო ინტერაქტიული გახდეს.

რა ბედი ეწევათ ადამიანებს, რომლებსაც ატესტატი წინა წლებში აქვთ აღებული, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას კი ახლა გეგმავენ?

იმ პირებს, რომლებსაც სასკოლო ატესტატი უკვე აქვთ, უმაღლესში ჩასაბარებლად საატესტატო გამოცდებზე გასვლა აღარ მოუწევთ.

ამ კუთხით ჩემი მიდგომა ლიბერალურია. ვფიქრობ, არავითარი შეზღუდვა არ უნდა იყოს. ტესტები შეიძლება ჩაბარდეს რამდენჯერმე და თუ ადამიანს არ მოსწონს თავისი შედეგი, შეუძლია გააუმჯობესოს. მათ, ვინც დაამთავრა შარშან, შარშანწინ ან წელს კონკურსის გამო ვერ მოხვდნენ უმაღლესში, შეუძლიათ გაიუმჯობესონ ქულები.

თუმცა, უნივერსიტეტში ჩარიცხვა ხდება ერთხელ, ამიტომ მათი ქულები დაითვლება ზაფხულში, როდესაც ჩატარდება და დაგეგმილი იქნება 8+1.

მასწავლებლების თემაც რომ ამოვწუროთ, სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით ორნახევარჯერ, 8000-მდე გაიზარდა. რამ გამოიწვია ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა? გამოცდების გამარტივებამ ხომ არა? ლოზუნგმა „კომფორტი უნდა შევუქმნათ მასწავლებლებს” თავის დროზე გააჩინა ეჭვი, რომ იგეგმებოდა მათთვის ტესტების გამარტივება.

ტესტები ვერ გამარტივდებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უკვე შედგენილი იყო, როდესაც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორად მივედი. მე, ბევრი მასწავლებლის მსგავსად, შენიშვნები მაქვს ამ ტესტებთან, მაგრამ ეს უკვე წარსულია, მომავალზე ვიყოთ ორიენტირებულნი.

რაც შეეხება მეტი კომფორტის შექმნას მასწავლებლებისთვის, მასწავლებლის სახლი იყო პოლიციის აკადემიის ტერიტორიაზე და მომსწრე ვარ, რა ენთუზიაზმი იყო მასში ჩადებული. ვგეგმავთ, რომ თითქმის ყველა რაიონულ ცენტრში იყოს მასწავლებლის სახლი და პედაგოგებს ერთი რაიონიდან მეორეში არ მოუწიოთ სიარული.

ვიმეორებ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ცოდნის მიმართ უნდა ვიყოთ ლმობიერები. მაგრამ პედაგოგს უნდა ჰქონდეს ადგილი, სადაც ცოდნის გაღრმავება შესაძლებელია.

უფრო ზოგადად რომ ვისაუბროთ განათლების სისტემაზე: საქართველოს სამთავრობო პროგრამაში „მეტი სარგებელი ხალხს” ნათქვამია, რომ განათლების დაფინანსება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 4 მილიარდს შეადგენს. ამ პირობებში, რა იქნება თქვენი პრიორიტეტი და როგორ გადანაწილდება გაზრდილი დაფინანსება?

ჩემი პრიორიტეტია უფრო მაღალი დონის ზოგადი განათლება, მეტად დაფასებული მასწავლებელი და ყველა სკოლის რეაბილიტაცია. ჯერაც არის სკოლები, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლებიც სასწრაფო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებენ. მათი რეაბილიტირების გეგმა უკვე გვაქვს. ასევე, გვინდა გავზარდოთ სერტიფიცირებული მასწავლებლების საშუალო ხელფასი, შევიტანოთ ლაბორატორიები ყველა სკოლაში, შევიყვანოთ ოპტიკური ინტერნეტი.

საინტერესოა სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხი. რა შეგიძლიათ თქვათ შედეგებზე, რაც გრიფის მინიჭების გამკაცრებული წესსა და ფასის ზედა ზღვარის (10 ლარის) დაწესებას მოჰყვა? ხომ არ დააზარალა

ამან გამომცემლობები, რომელთაც წიგნის ფასს არა ბაზარი, არამედ სახელმწიფო უწესებს? როგორია თქვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით?

პირიქით, ფასის დარეგულირებამ და იმან, რომ ყველა სკოლამ იცის, რა წიგნებით ისწავლიან ბავშვები, შვილისთვის განათლების მიცემის შესაძლებლობა გაუჩინა მშობელს, რომელსაც ხშირად ძვირადღირებული სახელმძღვანელოების ყიდვა არ შეეძლო.

ვერ კონტროლდებოდა ფასი, თუ რა წიგნები იყიდებოდა შავ ბაზარზე. ბავშვის სკოლაში მისვლამდე მშობლებმა არ იცოდნენ, რა წიგნები დასჭირდებოდათ. ახლა ეს ღიაა, წიგნები ყველა სკოლას არჩეული აქვს.

მათი გრიფირება მოხდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით – ეს დიდი შეღავათი იყო მშობლებისთვის და ძალიან კარგი ზოგადი განათლებისთვის.

გასულ წლებში განათლების სამინისტროს მისამართით გარკვეული პრეტენზიები დაგროვდა. ძირითადად, ეს სისტემის ცენტრალიზებასა და განათლების სისტემაში სახელმწიფოს მზარდ ჩარევას ეხება. ამის მაგალითად გამოდგება ზემოთ ნახსენები გრიფირების წესი. შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ რეგენტთა საბჭოს არსებობა, რის გამოც უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიას ბევრი ფასადურად მიიჩნევს. თუნდაც პრივილეგირებული ფაკულტეტების არსებობა, სკოლების ბრენდირება და სხვა. როგორია თქვენი ხედვა განათლების რეფორმის მომავალთან დაკავშირებით – ის დეცენტრალიზებისკენ უნდა წავიდეს, თუ პირიქით?

არ ვიცი, რატომ ითვლება ცენტრალიზებად გრიფირება, როცა მოვახერხეთ და სახელმძღვანელოები ეროვნულ სასწავლო გეგმას შევუსაბამეთ.

რაც შეეხება ჩემს ხედვას, ავიღოთ სკოლა, სადაც დირექტორს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება... როდესაც ეს ადამიანები იქნებიან აბსოლუტურად ჩამოყალიბებულნი, გავლილი ექნებათ ფინანსური, სამართლებრივი ტრენინგი, რომელიც დაწყებულია და გაგრძელებას ვგეგმავთ, დირექტორი გაატარებს იმ ძირითად მიმართულებებს, რასაც მისი სკოლისთვის სწორად მიიჩნევს. თუმცა, ამას გარდა, არსებობს წესები, მაგალითად, სკოლის შინაგანაწესი, მინისტრის ბრძანება თუ ნორმატიული აქტები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას.

ვფიქრობ, დირექტორი უნდა იყოს ადამიანი, ვინც სკოლაში გადაწყვეტს საკადრო რეფორმას, მან ყველაზე კარგად იცის რომელ კლასში რა ხდება.

საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი: საჯარო სკოლებს განათლების სამინისტროსთან კოორდინაცია და მისი ნებართვა მოეთხოვებათ, როგორც მედიასთან ურთიერთობის დროს, ასევე მაშინ, თუ ლექციის, სემინარის თუ ტრენინგის ჩატარება სურთ. სკოლა დამოუკიდებელი იურიდიული პირია – რატომ არ უნდა ჰქონდეს მას მსგავსი საკითხების თავად გადაწყვეტის უფლება?

არ ვიცი, რამდენად ხდება ეს. საქართველოში 2000-ზე მეტი სკოლაა – როგორ წარმოგიდგენიათ, რომ თითოეული მათგანის დირექტორი რეკავს ჩვენთან და გვეკითხება რამეს, თუნდაც პრესასთან ურთიერთობას? პირიქით, შეხვედრებისას ვცდილობ, წავახალისო პედაგოგები, რომ ბევრი ლექცია-სემინარი ჩაატარონ, ოღონდ ეს უნდა იყოს ზოგადი განათლების პრინციპებზე და სასწავლო გეგმაზე მორგებული.

რაც არ უნდა კარგი ცენტრალიზებული სისტემა იყოს, 2000 სკოლის ცენტრალიზებულად გაკონტროლება შეუძლებელია – რომც გვინდოდეს, გაგვიჭირდება. თუმცა კარგი დირექტორების, პედაგოგების, ადმინისტრაციის თანამშრომლების სანდოობა და პროფესიონალიზმი საშუალებას გვაძლევს, თუნდაც ნაწილობრივ, მათ მივანდოთ მართვის სადავეები, ყოველ შემთხვევაში, მე ასე წარმომიდგენია.

თუმცა, ვფიქრობ, დირექტორის და სხვების მთავარი მოვალეობაა, სასწავლო დაწესებულებაში იყოს წესრიგი, ბავშვებმა იარონ სკოლაში, ყველა სახელმძღვანელო შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ზოგადად, ყველა სკოლის ძირითადი მიზანი უნდა იყოს კარგი შედეგის მიღწევა. ჩემთვის მაინტერესებდა, რამდენი პედაგოგი გვყავს, რომელსაც არ გაუვლია სერტიფიცირება, მაგრამ კარგი შედეგი აქვს ეროვნულ გამოცდებზე. ბევრია ასეთი და მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ, მივიჩნევ, რომ პედაგოგის პროფესიონალიზმის ერთ-ერთი სერიოზული საზომი კლასში მისი შედეგია.

კომენტარები