არჩევნები

წინასაარჩევნო პოლარიზაცია საერთაშორისო დამკვირვებლების შეშფოთებას იწვევს

საქართველოში საარჩევნო გარემოს დასახასიათებლად საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად იყენებენ ტერმინს – პოლარიზაცია. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში, რომელიც 3 სექტემბერს გამოქვეყნდა, მთავარი ყურადღება სწორედ პოლარიზაციას ეთმობა.

პოლარიზაციის მთავარ გამომწვევ მიზეზად NDI-ის ანგარიშში ორი პოლიტიკური ძალის მკვეთრი რიტორიკაა დასახელებული. ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთმანეთს საფრთხის შემცველად წარმოაჩენენ: ქართული ოცნება ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა დემოკრატიის შემაფერხებელი ძალაა, ნაციონალური მოძრაობა კი ქართულ ოცნებას საქართველოს სუვერენიტეტისთვის მთავარ საფრთხედ ხედავს. პოლარიზაციის ასეთი დონის პირობებში, სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება მცირე პარტიებისთვის, რომელთაც ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობასთან შედარებით ნაკლები რესურსები აქვთ.

პოლიტიკური პოლარიზაცია თავისთავად უარყოფით მოვლენას არ წარმოადგენს, აშშ-ის შიდა პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, უფრო პოლარიზებულია, ვიდრე ქართული. თუმცა საქართველოში პოლარიზაციას ხშირად ფიზიკური დაპირისპირება და კანონისთვის გვერდის ავლით უპირატესობის მიღების მცდელობა მოჰყვება. დამკვირვებლების თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება არა უბრალოდ პოლიტიკური ოპონენტები, არამედ ერთმანეთის მტრები არიან.

ფიზიკური დაპირისპირებების შესახებ საუბარია NDI-ის ანგარიშშიც. დამკვირვებლები აღნიშნავენ – მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების აქციებმა დიდ ქალაქებში მშვიდობიანად ჩაიარა, მაინც არსებობს ძალადობის ცალკეული შემთხვევები. ამის მაგალითად მოყვანილია კარალეთის და მერეთის ფაქტები, როცა დამკვირვებლებმა ვერ შეძლეს დაედგინათ, თუ ვინ მოახერხა კონფლიქტის ინიცირება.

NDI-ის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფოს – აუდიტის სამსახურის, უწყებათაშორისი კომისიის და ცესკო-ს – მოქმედებებზე. აუდიტის სამსახურის საზოგადოებასთან კომუნიკაცია ანგარიშში დადებითად არის შეფასებული, თუმცა დამკვირვებლებისთვის ევროპის საბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებებს იმეორებენ, რომელთა მიხედვითაც აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებები დამსჯელი და არაპროპორციული ხასიათისაა. ამ მხრივ, ანგარიშში კახი კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის საბანკო ანგარიშების დაყადაღებაა მოყვანილი.

კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ცნობილი საქმე, რომელიც ანგარიშში მოხვდა, ქართული ოცნების კოალიციაში შემავალი პარტიების ანგარიშებისთვის უკანონო შემოწირულობებისთვის ინკასოს დადებაა. დამკვირვებლების მიხედვით, ერთი მხრივ, გაუგებარი იყო, თუ რა ფორმულა გამოიყენა აღსრულების სააგენტომ ინკასოს დადებისას, მეორე მხრივ კი, არ დადასტურდა ქართული ოცნების ბრალდება, რომ ყველა პარტიული ანგარიში გაყინული იყო. დამკვირვებლები ხაზს უსვამენ, რომ კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხს განსაკუთრებით ართულებს ქართული ოცნების მხრიდან, კოალიციის შეფასებით, „უკანონო” ჯარიმების გადაუხდელობა.

დამკვირვებლების თქმით, სახელმწიფოს სხვა მექანიზმები, ცესკო და უწყებათაშორისი კომისია საზოგადოებაში დადებითი შეფასებით სარგებლობენ. თუმცა NDI-მ გააჟღერა არასამთავრობო ორგანიზაციების წუხილი ცესკო-ს მიერ ქართული ოცნებისთვის საარჩევნო ნომრის, 41-ის მინიჭებაზე. დამკვირვებლების შეფასებით, ცესკო-მ კანონის ვიწრო ინტერპრეტაცია გააკეთა, თუმცა კანონმდებლობა არ დაურღვევია. ამასთან, ქართულმა ოცნებამ არ მიიღო ადეკვატური ზომები მომხდარის თავიდან ასაცილებლად: ნომერი 7-ის მოსაპოვებლად კოალიცია ჯერ მხოლოდ წინა არჩევნებზე მონაწილე პარტიების შემადგენლობით უნდა დარეგისტრირებულიყო, შემდეგ კი კოალიციას შეერთებოდა სხვა ახალი პარტიები. ამასთან, ქართულმა ოცნებამ არ გაასაჩივრა ცესკო-ს გადაწყვეტილება.

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ბრალდებაზეც. იქ მითითებულია, რომ უწყებათაშორისი კომისია უმრავლეს შემთხვევებში ადეკვატურად რეაგირებს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ბრალდებებზე, თუმცა მოყვანილია სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის კრიტიკა რეაქციის სისწრაფეზე. გარდა ამისა, დამკვირვებლები ახსენებენ საზოგადოებაში არსებულ გაურკვევლობას, თუ რა წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას. არსებობს ბრალდებები, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციულ შენობებსა თუ მანქანებს იყენებს, თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილი მთავრობის მხრიდან უკანასკნელ წლებში ხიდების და გზების მშენებლობას, ასევე სოციალურ პროგრამებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად თვლის.

კიდევ ერთი საინტერესო საკითხი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის ამომრჩეველთა სიებია. სადამკვირვებლო მისია დადებითად აფასებს ამომრჩეველთა სიის დაზუსტების კომისიის შექმნას. ანგარიშში მოხვდა ოპოზიციური პარტიების შენიშვნები სიებში ერთ ადგილზე ბევრი ამომრჩევლის დარეგისტრირებასა და სპეციალურ უბნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით.

ანგარიში დადებითად შეაფასა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა. მისი თქმით, იქ სახელმწიფო უწყებების წარმატებული მუშაობა ხაზგასმით არის აღნიშნული და ოპოზიციისგან მომდინარე ბრალდებების უმრავლესობა დაუსაბუთებელია. ამასთან, მისი სიტყვებით, სახელმწიფოს რეაგირება ექნება ყველა იმ ხარვეზზე, რომელიც ანგარიშშია ნახსენები.

კომენტარები