რუსეთი

ვლადიმირ პუტინი: რუსეთი იმასთან ითანამშრომლებს, ვისაც ამერიკელი ხალხი აირჩევს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია Russia Today-სთან აშშ-ის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ ფედერაცია იმასთან ითანამშრომლებს, ვისაც ამერიკელი ხალხი აირჩევს. პუტინის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, შეერთებული შტატები და რუსეთი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შესახებ პრობლემას გადაჭრიან.

რუსეთის პირველი პირის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ობამას მეტოქე მით რომნი რუსეთს აშშ-ის ”ნომერ პირველ მტერს” უწოდებს, რესპუბლიკელის გამარჯვების შემთხვევაში, იგი რომნისთან თანამშრომლობისთვისაც მზადაა.

გასულ კვირას ფლორიდაში გამართულ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას რომნიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი კრემლის მიმართ მეტ სიმკაცრეს გამოიჩენს.

Russia Today-სთან ინტერვიუში პუტინმა პანკ ჯგუფ Pussy Riot-ის წევრების ირგვლივ შექმნილ ვითარებაც ისაუბრა. ”ვიცი თუ რა ხდება Pussy Riot-თან დაკავშირებით, თუმცა ამ საქმეში ჩარევას არ ვაპირებ.” - აღნიშნა რუსეთის პირველმა პირმა. მისი თქმით, მთავრობა ჯგუფის წევრების საქმიანობით ადრეც უნდა დაინტერესებულიყო.

პუტინმა ინტერვიუში აგრეთვე, იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან დაკავშირებით შედგენილ სიებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნებს, რომლებიც ”შავ სიებს” ადგენენ, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება სურთ და ოფიციალურ მოსკოვს აღნიშნულთან დაკავშირებით ადეკვატური ზომების მიღება დასჭირდება.

ცოტა ხნის წინ დიდმა ბრიტანეთმა 60 რუსი მაღალჩინოსანი, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის საქმესთან არიან დაკავშირებულნი, „შავ სიაში“ შეიყვანა, მათ შორის მოსამართლეები, უშიშროებისა და პროკურატურის წარმომადგენლები. აღნიშნულ პირებს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

კომენტარები