ვებგვერდი

არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ ვებგვერდს ქმნიან

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ახალი ვებგვერდი, ShenMartav.ge შექმნეს. ვებგვერდი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, მიიღოს ინფორმაცია, მის მიერ არჩეული დეპუტატების პარლამენტში მოღვაწეობის შესახებ, გაეცნოს უახლეს კანონპროექტებს და პირდაპირ დაუკავშირდეს თავის წარმომადგენელს საკანონმდებლო ორგანოში.

ვებგვერდის მიზანია, ფართო საზოგადოებისათვის საპარლამენტო დებატების ხელმისაწვდომობისა და კანონშემოქმედებაში გამჭვირვალობის გაზრდა, მოქალაქეების ინფორმირებულობის ამაღლება იმის შესახებ, თუ ვინ წარმოადგენს მათ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები მიიღება მათი სახელით, ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების უფრო მეტად ჩართვა და პარლამენტის წევრებთან პირდაპირი კომუნიკაციის წახალისება.

ვებგვერდის მეშვეობით მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, თვალი მიადევნონ მიმდინარე კანონპროექტებს და მათი განხილვის სტადიებს მარტივად გასაგებ ფორმატში, დააკვირდნენ, რა გადაწყვეტილებებს იღებს მათ მიერ არჩეული დეპუტატები, ასევე წერილობით დაუსვან კითხვები დეპუტატებს.

პროექტი ხორციელდება შემდეგი დონორების მხარდაჭერით: ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისათვის, ნიდერლანდების სამეფო და ღია საზოგადოების ინსტიტუტი.

კომენტარები