ბიძინა ივანიშვილმა 9 აგვისტოს ურეკში ადგილობრივ ამომრჩევლებთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთს კავკასიაში გადმოსვლა უკვე საუკუნეებია სურს და ეს ნორმალურია. მან დასძინა, რომ საქართველოსთან მდებარე ქვეყნებიდან რუსეთი არ არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც გარკვეული სურვილები ამოძრავებს საქართველოს ტერიტორიების მიმართ.
ივანიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას სააკაშვილის ხელისუფლება რუსეთისთვის მიზეზის მიცემისთვის გააკრიტიკა. ივანიშვილის განცხადებით, რუსეთს არმია არ გაუზრდია და არაფერი განსაკუთრებული არ შეუძენია, რომ საქართველოსთან ომი ეწარმოებინა, ის უბრალოდ ომის მიზეზს ელოდებოდა.
ქართული ოცნების ლიდერმა ლოკალური მნიშვნელობის საკითხებზეც ისაუბრა. ის ურეკის მოსახლეობას საკონცერტო დარბაზს დაჰპირდა, სადაც, მისივე თქმით, შესაძლებელი იქნება ლატვიურ ქალაქ იურმალას მსგავსი წარმოდგენები გაიმართოს.
საკონცერტო დარბაზის გარდა, ივანიშვილმა ურეკში კანალიზაციისა და სასტუმროების აშენებაც ისაუბრა. სასტუმროებში აუცილებლად იქნება სოლარიუმები, რადგანაც ივანიშვილის განმარტებით, ურეკში უნიკალური ქვიშაა, სოლარიუმები კი სასტუმროებს საშუალებას მისცემს ტურისტები მთელი წლის მანძილზე მიიღოს.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის რუსულ ტურ-ოპერატორებთან ერთად ურეკთან სასტუმროებისა და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას აპირებდა, გეგმები კი ბოლომდე რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების შეწყვეტის გამო ვერ მიიყვანა. მან რუსეთიდან ქართველების დეპორტაციასა და ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის დახურვაზე აღნიშნა, რომ რუსები უხეშად და უსამართლოდ მოიქცნენ, თუმცა ამის მიზეზად სააკაშვილის გამონათქვამები დაასახელა.




