არჩევნები 2012

ემიგრანტებმა ვაშაძის ბრძანება გააპროტესტეს

ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშასძის ბრძანებას აპროტესტებენ.  ‘საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ’ 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ბრძანება საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ წლის 11 ივლისს გასცა. ცვლილების მიხედვით, საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის კანონიერი გზით საკონსულო რეგისტრაციის გავლა შეუძლებელი გახდა.

ემიგრანტებმა პროტესტის ნიშნად, აქცია 5 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაციის "ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსათვის" ორგანიზებით გამართეს.

ორგანიზაციის წევრის, მამუკა ლიპარტელიანის განცხადებით, მინისტრის ახალი 158 - ე ბრძანების თანახმად, იმისთვის რომ ემიგრანტმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, უნდა წარმოადგინოს ცნობა საცხოვრებელი სახლიდან, რაც ხელოვნურად ზღუდავს არჩევნებში მონაწილეობას. მათი აზრით, ბრძანება მიმართულია მსოფლიოს მასშტაბით ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ხოლო მისი მიზანი 2012 წელს დაგეგმილ არჩევნებში ემიგრანტებისათვის ხმის უფლების ჩამორთმევაა.

აქამდე ემიგრანტების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების ორშაბათ დღეს დანიშვნის ფაქტს აპროტესტებდა. ისინი ამბობდნენ, რომ სამუშაო დღეს მათთვის რთული იქნება არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რადგან ბევრი საქართველოს საელჩოებიდან და საკონსულოებიდან ასეული კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს, სამუშაოდან კი მთელი დღით გათავისუფლებას ერთეულები თუ მოახერხებენ. 

კომენტარები