არჩევნები 2012

ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბოლო 22 წლის მანძილზე

6 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმად, საქართველოში სულ 3 621 256 ამომრჩეველია. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც 1990 წლის ოქტომბრის შემდეგ ჩატარებულ 7 საპარლამენტო, 5 საპრეზიდენტო და 4 ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე გამოვლინდა. 
Civil.ge იუწყება, რომ აქამდე ამომრჩეველთა ყველაზე დიდი რაოდენობა 1991 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირდა – 3 594 810. მას მოსდევდა 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნები – 3 544 770 ამომრჩევლით. 
დღეს კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წილისყრა გაიმართება და არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რიგით ნომრებს გამოავლენენ.  წინასწარ ცნობილია მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (5), ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის (10) და კოალიცია ქართული ოცნების (7) ნომრები.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, ნომრის პირველად არჩევის უფლება იმ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ამავე წესით, ნომრის არჩევის უფლება თანმიმდევრულად აქვთ მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პარტიებს.

კომენტარები