არჩევნები 2012

ბეშუმის ინციდენტი

ბეშუმში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, ამის შესახებ ინფორემაციას გაზეთი "ბათუმელები" ავრცელებს.

ზემო აჭარაში ბეშუმობის დღესასწაულზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია გაიმართა. აქციაზე პრეზიდენტი სააკაშვილიც იმყოფებოდა, მან ხალხს დღესასწაული მიულოცა. მოგვიანებით აქციაზე მისვლას კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა. მასთან ერთად ბეშუმში იყვნენ მურმან დუმბაძე, სოზარ სუბარი და ქეთი დოლიძე. 

ბათუმელებიც ცნობით, ნაციონალური მოძრაობის წევრები სცენასთან არ უშვებდნენ ქართული ოცნების ლიდერს, რის გამოც მალე შეხლა-შემოხლა დაიწყო. 

მოგვიანებით ინციდენტის შესახებ კომენტარი გააკეთა კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, სააკაშვილი და მისი იდეოლოგია მოწოდებულია საქართველოს და ხალხის გახლეჩვისკენ. ლიდერის განცხადებით, ბაშუმობა ნამდვილი დღესასწაული მაინც არ იყო.

"ჩვენ რა თქმა უნდა, გვეყო სიბრძნე იმისთვის, რომ არ დავუპირისპირდით ჩვენს ძმებს, შემოვბრუნდით, წამოვედით. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ახერხებდა გაერთიანებას. ეს კაცი მოვიდა და დაიწყო დაშლა და დანაწევრება ქვეყნის. მე ვპირდები საქართველოს მოსახლეობას, რომ ეს მალე დამთავრდება. როდესაც მითხრეს, რომ სააკაშვილი მოდისო, არ დავიჯერე, რადგან მშიშარა კაცია და სადაც მე ვარ, იქ სააკაშვილი ვერ მოვა. ვერც მოდიოდა და ამიტომ გადაწყვიტეს ეს ძალადობა",  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ინციდენტის შესახებ  განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციამ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და კონფლიქტი თავიდან აიცილა. 

"საქართველოს პოლიცია დაიცავს ყველა ჯგუფის, მათ შორის ყველაზე აგრესიული ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავდროულად გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ ყველა საშუალებას და არ დაუშვებს, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს დაპირისპირებასა და შეტაკებაში," - წერია  განცხადებაში. 

5 აგვისტოს ბათუმში ქართული ოცნების აქცია იგეგმება. 

კომენტარები