არჩევნები 2012

ივანიშვილი: ქართული ოცნებისთვის საუკეთესო შედეგი ხმათა 75% იქნება, ყველაზე ცუდი კი 40%

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ქართული ოცნებისთვის პირველ ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგი ხმათა 3/4 იქნება, საშუალო შედეგი - 2/3, ყველაზე ცუდი კი 40%. ამის შესახებ ქართული ოცნების ლიდერმა სტუდია ობიექტივისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

ივანიშვილის თქმით, ქართული ოცნება მინიმუმ 40% მხოლოდ იმ შემთხვევაში აიღებს, თუ კოალიცია რაიმე მნიშვნელოვან შეცდომას დაუშვებს ან კოალიციისგან დამოუკიდებლად რაიმე მნიშვნელოვანი მოხდება. 

საერთაშორისო ორგანიზაციების, NDI-სა და IRI-ს სოციოლოგიური გამოკითხვებით ამომრჩევლებს შორის ნაციონალური მოძრაობა ყველაზე პოპულალურია. ამასთანავე სხვაობა ნაციონალურ მოძრაობისა და ქართული ოცნების რეიტინგებს შორის საკმაოდ დიდია. NDI-ის გამოკითხვით, რომელიც ივნისის დასაწყისში ჩატარდა, ნაციონალურ მოძრაობას ამომრჩეველთა 34% მისცემდა ხმას, ქართულ ოცნებას კი 18% (16%-მა უარი თქვა პასუხზე, 22%-ს კი ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული). IRI-ის გამოკითხვით, რომელიც ივლისის ბოლოს გამოქვეყნდა, ნაციონალურ მოძრაობას ამომრჩეველთა 43% უჭერს მხარს, ქართულ ოცნებას კი 24% (19% უარი თქვა პასუხის გაცემაზე).

ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ ხელისუფლება არათანაბარ პირობებს ქმნის და ამით უკვე აყალბებს არჩევნებს, თუმცა ქართული ოცნების შედეგს არჩევნებზე ეს დიდად ვერ შეცვლის. პოლიტიკოსმა ასევე დასძინა, რომ მასობრივი გაყალბების შემთხვევაში ხალხი ქუჩაში გამოვა, რათა დასავლელმა პარტნიორებმა დაინახონ გაყალბების მასშტაბი.

კომენტარები