არჩევნები 2012

ამომრჩეველთა ერთიანი სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეცა

ამომრჩეველთა სიების გადამოწმების უზრუნლყოფის კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ 1 აგვისტოს მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების პრეზენტაცია გამართა.

კაციტაძის თქმით, ამომრჩეველთა ძირითადი სია - 3 385 844 პირს აერთიანებს. გარდა ამისა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისამართის არმქონე 52 648 ამომრჩეველია შესულია. 188 995 რეგისტრაციის მისამართიდან არის მოხსნილი. 42 390 ამომრჩევლის მისამართი გაურკვეველია.

კომისიამ სტატუსების მიხედვით სიის კლასიფიკაციაც მოახდინა. როგორც მამუკა კაციტაძე აღნიშნავს, 1 აგვისტოს მონაცემებში პროექტ „კარდაკარის“ შედეგებთან შედარებით, უცხოეთში გასულ და მიწერილ ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია.

რაც შეეხება ერთიანი სიაში სტატუსების მიხედვით გადანაწილებას, 310 113 ამომრჩეველი საზღვარგარეთ იმყოფება; 55 277 სამხედრო სამსახურშია; 207 055 იძულებით გადაადგილებული პირია; 1295 პატიმარია, რომელიც ხმის უფლებით სარგებლობს; 19 3465 ამომრჩეველს რეგისტრაცია გაუქმებული აქვს.

მამუკა კაციტაძის თქმით, მხოლოდ ერთი მონაცემის გადამოწმება ვერ მოხერხდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში იმყოფებიან, ვერ დაზუსტდა. „სამოქალაქეო რეესტრმა ამის შესახებ ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა,“ - აღნიშნავს კაციტაძე.

კომისია მოქალაქეებიდან 1 სექტემბრამდე მიღებულ შენიშვნების მიხედვით, სიაში შესწორებებს 15 სექტემბრამდე შეიტანს.

მამუკა კაციტაძემ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ელექტრონული ვერსია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს გადასცა.

„მაქსიმუმ 2 დღეში ცესკო სიის საჯარო ვერსიას მოამზადებს. პირადი ნომრები დაიფარება. შემდეგ კი, ამომრჩეველთა ერთიანი სია ნებისმიერი მსურველისთვის საჯარო გახდება,“ - ამბობს კაციტაძე.

ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ცესკო პირველ რიგში სიას უბნებად დაყოფს. გარდა ამისა, როგორც ხარატიშვილი ამბობს, თუ არჩევნებამდე სიაში რაიმე ცვლილების შეტანა გახდება საჭირო, ცესკო ამას კომისიის ნებართვით გააკეთებს. „ზუსტად ეს სიები არჩევნების დღეს მაგიდაზე დაიდება,“ - ამბობს ხარატიშვილი.

საპარლამენტო არჩევნების თარიღი - 2012 წლის 1 ოქტომბერი, დღეს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გამოაცხადა.

 

კომენტარები