არჩევნები 2012

პარტია ქართულმა ოცნებამ არჩევნებზე რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა

პარტიამ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანა. კომისიაში განაცხადის შესატანად პარტიის თავმჯდომარე მანანა კობახიძე და პოლიტიკური მდივანი სოზარ სუბარი მივიდნენ.

"პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სახელით განვაცხადებთ, რომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. პარტიას არ სჭირდება ხელმოწერების შეგროვება, ვინაიდან ჰყავს პარლამენტის ორი მოქმედი წევრი. ჩვენ წარვადგინეთ ცნობა პარლამენტის წევრების - კარლო კოპალიანის, კოტე მარსაგიშვილის თაობაზე და დავრეგისტრირდით ოცდამეშვიდე ნომრად", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ რაიმე ხარვეზები დაფიქსირდა, პარტიას ამის შესახებ 2 დღეში ეცნობება.

რაც შეეხება კოალიციის დარეგისტრირებას არჩევნებისათვის, კობახიძემ განმარტა, რომ კოალიციაში შემავალი სუბიექტები ჯერ ცალ-ცალკე რეგისტრირდებიან და შემდგომში ერთ ბლოკად, ივანიშვილი - ქართული ოცნების სახელით დარეგისტრირდებიან.

რაც შეეხება საარჩევნო ნომერს, მანანა კობახიძის განმარტებით"ქართული ოცნების" საარჩევნო ნომერი იქნება 7.

"ეს არის ნომერი, რომლითაც თავის დროზე "კონსერვატიული პარტია" მონაწილეობდა არჩევნებში. ეს პარტია არის ჩვენი კოალიციის წევრი და გვაქვს უფლება, ეს ნომერი გამოვიყენოთ", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

დღეს, 31 ივლისს, რეგისტრაციისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კიდევ ხუთმა პარტიამ მიმართა: ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ, კონსერვატიულ (მონარქისტულმა) პარტიამ, ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტიამ, პოლიტიკურმა გაერთიანება მამულმა და მწვანეთა პარტიამ.

არჩევნებისთვის რეგისტრაცია უკვე გაიარეს: პოლიტიკურმა გაერთიანება ახალმა მემარჯვენეებმა, მერაბ კოსტავას საზოგადოებამ, პოლიტიკურმა მოძრაობამ –– მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ ––კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო და საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ.

იმ პარტიებმა, რომლებიც არ არიან კვალიფიციური სუბიექტები – არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან და არ ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში, საპარლამენტო არჩევნებისთვის განაცხადი დღეს 6 საათამდე უნდა შეიტანონ.

 

კომენტარები