მუსიკა

Salope Madonna

მადონას, პოპ-დედოფალს ჯერ იყო და კარგად უსტვინეს, მერე კი ყველამ ერთხმად “Remboursez!”, ანუ ბილეთში გადახდილი ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვა. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ -“Salope!”, ქართულ თარგმანში “მეძავოს” შეძახილით დაასრულა ფრანგმა მსმენელმა.

პარიზის თეატრში ოლიმპია, სადაც 2700 ადგილია, მომღერლის მსოფლიო ტურნეს “MDNA”კონცერტი, ლამის ბოლო წუთას დაინიშნა. 80-დან 280 ევრომდე ღირებულების  ბილეთების ყიდვა პირველ რიგში მისი ფანკლუბის წევრებს შეეძლოთ, მხოლოდ შემდეგ მოხდა დარჩენილების გაყიდვა გრძელ რიგში ჩამდგარ მოქალაქეებზე.

მადონამ რვა სიმღერა შეასრულა და ბოლოს, ფრანგების გულის გასახარად სერჟ გინზბურგის ცნობილი სიმღერით “Je T'aime... Moi Non Plus” დაასრულა კონცერტი. თუმცა მათი გულის მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ფრანგმა ფანებმა მას კონცერტის მოკლე ხანგრძლივობა არ აპატიეს. მომღერალმა მათთვის მხოლოდ 45 წუთი იმღერა მაშინ, როდესაც ამ ტურნეში შემავალი კონცერტები გაცილებით მეტხანს გრძელდებოდა ყველგან. ამიტომ, როგორც კი მადონამ სცენა დატოვა, ხოლო მაყურებელი მიხვდა, რომ ის არც აპირებდა უკან დაბრუნებას, დარბაზში სტვენა და ერთხმად, მომღერლის ზემოთხსენებული სიტყვებით შემკობა გადაწყვიტეს.

ამ ტურნეს ფარგლებში მადონას უკვე ჰქონდა პარიზში გამართული კონცერტი. 14 ივლისს ჩატარებულ საღამოზე, მაშინ როდესაც მან Nobody Knows Me შეასრულა, სცენაზე გავიდა ვიდეორგოლი, რომელზეც ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი შუბლზე სვასტიკით იყო გამოსახული. რასაც, რათქმაუნდა აურზაური,  ბრალდებები და დაპირება მოჰყვა, რომ მადონაზე აუცილებლად შეიტანდნენ სარჩელს სასამართლოში.

რა მოხდება მომავალში, ეს რა თქმა უნდა უცნობია. თუმცა სულ ცოტა ხანში, 21 აგვისტოს მადონას ისევ მოუწევს ფრანგ მსმენელთან შეხვედრა. რადგან ტურნეს ერთ-ერთი კონცერტი ნიცაშია დაგეგმილი.

 

 

კომენტარები