ტაჯიკეთი

ევროკავშირი ტაჯიკეთის მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ტაჯიკეთის სამხრეთ ნაწილში, მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ქალაქ ხოროგში 24 ივლისიდან სამხედრო სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში აღნიშნული ოლქის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ აბდულო ნაზაროვის მკვლებლობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავება ხორცილდებოდა.

ევროკავშირი ტაჯიკეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად გზა გახსნას და მშვიდობიან მოქალაქეებს საბრძოლო მოქმედების ზონის დატოვებაში დაეხმაროს.

BBC–ის ინფორმაციით, მთიანი ბადახშანის ოლქში მდებარე ქალაქ ხოროგიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გამორბიან და თავშესაფარს უსაფრთხო ადგილას ეძებენ. გამოცემის ცნობით, სამთავრობო ძალებსა და დაპირისპირებულ მოძრაობას შორის შეიარაღებულ შეტაკებებს 42 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა. სხვადასხვა მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია სამოქალაქო მსხვერპლის შესახებაც.

გენერალი აბდულო ნაზაროვი 21 ივლისს მოკლეს. ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა სამხედრო ოპერაციის დაწყება ბრძანა, რომლის მიზანიც მთიანი ბადახშანის ოლქის წარმომადგენლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავება იყო.

 

კომენტარები