ტაჯიკეთი

ტაჯიკეთის არჩევნებში მეხუთედ გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა, ემომალი რაჰმონმა

ემომალი რაჰმონი
Reuters

11 ოქტომბერს ტაჯიკეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, ხმათა 90.92%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი იმარჯვებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 85.4%-მა მიიღო.

68 წლის რაჰმონი ქვეყნის მმართველობაში 1992 წლიდან მოვიდა, პრეზიდენტის პოსტს კი 1994 წლიდან იკავებს. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ის თანამდებობაზე კიდევ 7 წლის განმავლობაში დარჩება. ეს მისი მეხუთე ვადა იქნება.

რაჰმონის ოპონენტი 4 ნაკლებად ცნობილი კანდიდატი იყო, რომლებიც პარლამენტში პრო-სამთავრობო პარტიებს წარმოადგენენ. დასავლელი დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნებში მათი მონაწილეობა ფასადურია, ხოლო თავად პროცესი არ არის თავისუფალი და სამართლიანი.

სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელიც ქვეყანაში ერთადერთ ოპოზიციურ ჯგუფს წარმოადგენს, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

მიმდინარე წელს ემომალი რაჰმონმა პარლამენტის ზედა პალატის სპიკერად საკუთარი შვილი, 32 წლის რუსტამ ემომალი დანიშნა, რომელიც პარალელურად დედაქალაქ დუშანბეს მერის პოსტსაც იკავებს. მოიაზრებოდა, რომ საკუთარ მემკვიდრედ რაჰმონი სწორედ უფროს ვაჟს განიხილავდა და არჩევნებშიც ის მიიღებდა მონაწილეობას, ვინაიდან 2016 წელს კონსტიტუცია შეცვალეს და პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად განსაზღვრული ასაკი 35-დან 30 წლამდე შეამცირეს. თუმცა, აგვისტოში რაჰმონმა განაცხადა, რომ კენჭს კვლავ თავად იყრიდა. საკონსტიტუციო შესწორებით ემომალი რაჰმონს ექსკლუზიური უფლება აქვს პრეზიდენტის პოსტზე კენჭი განუსაზღვრელი რაოდენობით იყაროს. 2015 წლის შემდეგ მას ასევე მინიჭებული აქვს ერის ლიდერის ტიტული, რაც სიცოცხლის ბოლომდე გასამართლებისაგან იმუნიტეტით იცავს.

კომენტარები