გრძელდება აურზაური პოპ-დედოფლის მადონას გამო, რომელმაც საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი გაანაწყენა.
საქმე ეხება 14 ივლისს, პარიზში გამართულ მის კონცერტს, რომელსაც მომღერალი მსოფლიო ტურნეს MDNA ფარგლებში ატარებდა. როდესაც სიმღერა Nobody Knows Me შესრულებისას ეკრანზე გავიდა ვიდეო, სადაც მარინ ლე პენი შუბლზე ნაცისტური სვასტიკით იყო ნაჩვენები.
“ეს ვიდეო ეხება იმას, თუ როგორ გამოგვაქვს დასკვნები მათზე, ვისაც საერთოდ არ ვიცნობთ. საბერძნეთში, საფრანგეთში ყველგან ცდილობენ გამოყარონ ემიგრანტები, აიძულონ ხალხი დამალონ საკუთარი სახე და რელიგიური რწმენა. შეხედეთ რა ხდება რუსეთში, როგორ ექცევიან გეი საზოგადოებას” - განაცხადა მომღერალმა ბრაზილიის ერთ-ერთი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში. და დაამატა, რომ ვიდეორგოლში ნაჩვენები კადრები არა შემთხვევით, არამედ სრულიად გამიზნულად აწყობილია.
ნაციონალური ფრონტის პარტია აპირებს სასამართლოში უჩივლოს მადონას, რომელიც ძველ მომღერლად მოიხსენიეს.
მადონა კი არ აპირებს ვიდეორგოლში რაიმე სახის ცვლილებების შეტანას და მორიგი კონცერტის გამართვამდე კიდევ ერთხელ გაიმეორა ამის შესახებ.
მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ედინბურგში, 21 ივლისს გამართულ კონცერტზე მადონა იარაღით ხელში იდგა სცენაზე. მან განაცხადა რომ უნდოდა ასე გამოხმაურებოდა კოლორადოს სისხლიან პრემიერას, როდესაც “ბეტმენის” ჩვენებისას ვინმე ჯეიმს ჰოლმსმა ცეცხლი გაუხსნა დარბაზში შეკრებილ მაყურებელს. “ხელოვნებამ უნდა ასახოს ის, რაც მის გარშემო ხდება და შემდეგ, სოციალური კომენტარი გააკეთოს” - აღნიშნა მან.
26 ივლისს მომღერალი კიდევ ერთხელ წარსდგება ფრანგი მაყურებლის წინაშე. ამჯერად თეატრ ოლიმპიაში.





