ფოკუსი

თანამედროვე ბაბილონი ოლიმპიადის მოლოდინში

ოლიმპიადის უსაფრთხოებას ბრიტანელი სამხედროები უზრუნველყოფენ

თანამედროვე ბაბილონი, როგორც მას პრემიერმინისტრი ბენჯამინ დიზრაელი უწოდებდა, სულ მალე ოლიმპიურ ქალაქად იქცევა, უკვე მესამედ. ოღონდ ამჯერად, მოვლენის მასპინძელი მხოლოდ დედაქალაქია და არა მთელი გაერთიანებული სამეფო. ელისაბედ მეორის კორონაციის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი, საუცხოოდ ორგანიზებული ცერემონიის შემდეგ, ეს მიმდინარე წლის მეორე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

პირველი ოლიმპიადა ბრიტანეთში 1904 წელს ჩატარდა, ხოლო მომდევნო – 1948 წელს. ომისშემდგომ თამაშებზე იმდენად მწირი ბიუჯეტი იყო გამოყოფილი, რომ სპორტსმენები მშივრები ასპარეზობდნენ. ალბათ, ამ მიზეზის გამოც არ უნდა გაგვიკვირდეს ორგანიზატორთა მონდომება, რომ წლევანდელმა მოვლენამ უნაკლოდ ჩაიაროს. თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ლონდონისთვის ზედმეტი ტვირთია – “ოლიმპიადა შესანიშნავი სპორტული ღონისძიებაა. მაგრამ იმ ქალაქებს, რომლებსაც რუკაზე თავიანთი ადგილი დამკვიდრებული აქვთ, მისი მასპინძლობა არაფერს აძლევთ”, – ამბობს ნიუ იორკის უნივერსიტეტის ურბანული პოლიტიკის პროფესორი, მიტჩელ მოსი.

ლონდონი კი მსოფლიოს ფინანსური ცენტრია – ბევრად მეტი, ვიდრე ადგილი რუკაზე.

მისმა აღმასვლამ პიკს დედოფალ ვიქტორიას დროს მიაღწია. ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში, მსოფლიოს ყველაზე დიდი იმპერიის დედაქალაქმა არნახული წინსვლა განიცადა – კოლონიებიდან მოდიოდა ნედლეული, ხოლო იმპერიის დედაქალაქიდან გადიოდა პროდუქცია. იზრდებოდა მოსახლეობაც. სულ რაღაც 100 წელიწადში, 1800-დან 1900 წლამდე, ლონდონის მცხოვრებთა რიცხვი ექვსჯერ გაიზარდა და ექვს მილიონს გადააჭარბა, რამაც თავის მხრივ სამშენებლო ბუმი წარმოქმნა. ამ პროცესს 23 ეკლესია შეეწირა, აქედან 18 სერ კრისტოფერ რენის აშენებული იყო, იმ არქიტექტორის, ვინც სენტ პოლის ცნობილი კათედრალი ააგო ლონდონში. ვიქტორიას ქვეშევრდომებს, როგორც ჩანს, საკუთარი ეპოქის დიდების განცდა, წარსულის

დედოფალი ვიქტორია
საკრალური ძეგლების გაფრთხილების სურვილს არ აღუძრავდა. ქალაქის სახლების უმეტესობა დღესაც ვიქტორიანული ეპოქისაა. მის იერსახეს დარაჯად პრინცი ჩარლზი უდგას – დედოფლის ვაჟი თანამედროვე არქიტექტურას არ სწყალობს და მოდერნულ შენობებს “საყვარელი მეგობრის სახეზე ამოსულ კარბუნკულებს” უწოდებს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმპერია დაიშალა. ბრიტანეთმა ზესახელმწიფოს სტატუსზე უარი თქვა საკუთარი მოქალაქეების “აკვნიდან სამარემდე” კეთილდღეობის უზრუნველყოფის სანაცვლოდ. იმპერიის დათმობის მიუხედავად, ბრიტანეთმა სოციალური ხარჯებით და ეკონომიკის ზედმეტი რეგულირებით გამოწვეული ტვირთის ზიდვა ვეღარ შეძლო და ღრმა კრიზისში შევიდა, რომელმაც პიკს 1970-იან წლებში

მარგარეტ თეტჩერი
მიაღწია. ბუნებრივია, დაღმასვლამ არც ლონდონს აუარა გვერდი – 1980 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა მეოთხედით შემცირდა.

ამასობაში გამოჩნდა მარგარეტ თეტჩერი, რომელმაც ჯერ მარტივად ახსნა რაში მდგომარეობს სოციალიზმის პრობლემა – “ადრე თუ გვიან სხვისი ფული თავდება”, ამის შემდეგ კი ეკონომიკის დერეგულირება, სახელმწიფო საკუთრების პრივატიზება და საბიუჯეტო ხარჯების შემცირება დაიწყო.

ლიბერალურმა პოლიტიკამ ლონდონს მსოფლიოს ფინანსური ცენტრის სტატუსი დაუბრუნა. ის უკვე მეოთხედი საუკუნეა დინამიკურად ვითარდება და ეკონომიკური მაჩვენებლებით ნიუ იორკთან ერთად ლიდერობს. თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ლონდონი უფრო იოლად იზიდავს უცხოურ კაპიტალს, იმ მიზეზით, რომ ნაკლებად ეძიება მის წარმომავლობას და ამის გამო, ხშირად აკრიტიკებენ კიდეც.

მდიდრების მიგრაციის შედეგია ნაწილობრივ ის, რომ ამ ქალაქში ერთი კვადრატული მეტრი უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ღირს, თუ არ ჩავთვლით მონაკოს.

ილუსტრაციისთვის, გაერთიანებული სამეფოს 3 ყველაზე მდიდარი მოქალაქიდან, არცერთი დაბადებულა ბრიტანეთში, მით უმეტეს ლონდონში – ლაკშმი მიტალი ინდოელია, ალიშერ უსმანოვი – უზბეკი, რომან აბრამოვიჩი – რუსი. გაერთიანებულ სამეფოში დაბადებული ბრიტანელებიდან ყველაზე მდიდარი – ვესტმინსტერის ჰერცოგი მეშვიდე ადგილზეა.

სხვათა შორის, ლაკშმი მიტალის დაფინანსებულია ანიშ კაპურის მიერ ლონდონის თამაშებისთვის შექმნილი სათვალთვალო კოშკი. 115 მეტრი სიმაღლის სკულპტურა ოლიმპიურ პარკთან დაიდგა ქალაქის მერის, ბორის

ოლიმპიადის უსაფრთხოებას ბრიტანელი სამხედროები უზრუნველყოფენ
ჯონსონის ინიციატივით და იქვე დარჩება ოცდამეათე ოლიმპიადის მოსაგონრად. კოშკზე ცხრამეტი მილიონი ფუნტი დაიხარჯა, აქედან თექვსმეტი მილიონი ყველაზე მდიდარმა ბრიტანელმა გაიღო, ხოლო სამი მილიონი ლონდონის განვითარების ფონდმა გადაიხადა.

ლონდონის თამაშების ბიუჯეტი უკვე კარგა ხანია პოლიტიკური დისკუსიის საგანია. თუმცა ეს არავის უნდა გაუკვირდეს – კამათი ოლიმპიადის ხარჯების შესახებ, ცალკე სახეობის სპორტად ითვლება ყველგან, სადაც ეს ღონისძიება ჩატარებულა. გარდა იმ ქვეყნებისა, რომელთა მთავრობაც ინფორმაციას ხარჯების შესახებ არ ასაჯაროებს – მაგალითად, ჩინეთი.

საორგანიზაციო კომიტეტმა 2005 წელს ლონდონის თამაშების ბიუჯეტი 2.4 მილიარდი გირვანქა სტერლინგით განსაზღვრა. თუმცა შემდეგ ეს თანხა გაიზარდა და დღეს სახელმწიფოს 9.3 მილიარდი აქვს გამოყოფილი. არ წყდება სპეკულაციები ფარული ხარჯების შესახებ. წლის დასაწყისში გამოქვეყნდა Sky Sport-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც საბოლოო ბიუჯეტი რეალურად 24 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გაუტოლდებოდა.

“ოლიმპიური თამაშები ცარიელი ჩეკის ხელმოწერასავითაა”, ამბობს CBS-თან საუბარში ოქსფორდის პროფესორი ბენტ ფლივბერგი, ერთ-ერთი ავტორი კვლევისა, რომელიც ასკვნის, რომ ლონდონის

ArcelorMittal Orbit ოლიმპიური სამელთვალყურეო კოშკი
ოლიმპიადაზე გათვალისწინებულზე 101%-ით მეტი ფული დაიხარჯა.

ამ კვლევის მიხედვით, ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა დაგეგმილის საშუალოდ 170%-ს ხარჯავს, როგორც წესი. თუმცა, მაგალითად, მონრეალის თამაშები 1976 წელს თავიდან განსაზღვრულზე 7-ჯერ ძვირი დაჯდა და ქალაქი იმდროინდელი ვალებიდან ახლახან ამოძვრა. კვლევა მიმოიხილავს ათენის მაგალითსაც, სადაც 2004 წლის ოლიმპიადის დროს აშენებულ ინფრასტრუქტურას ჟანგი ჭამს და დღეს იმაზე ორჯერ ნაკლები ღირს, ვიდრე აშენებას დასჭირდა.

როგორც ბრიტანეთის კულტურის მინისტრმა აღნიშნა: “ოლიმპიურ თამაშებზე კამათისას ორი პოზიცია შეიძლება დაიკავო. შეგიძლია თქვა, რომ ქამრების შემოჭერის დროა და რაც შეიძლება ნაკლები უნდა დავხარჯოთ. ან გადაწყვიტო, რომ ქამრების შემოჭერის დროა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ”.

ისინი, ვინც პირველ პოზიციაზეა, ფიქრობენ, რომ პრესტიჟული ღონისძიების მასპინძლობით ნაკვები პატივმოყვარეობა გაწეული ხარჯებით განპირობებულ საზოგადოებრივ უკმაყოფილებას ვერ გაანელებს. სხვები თვლიან, რომ ამ პროექტის განხორციელებაში დახარჯული გადასახადის გადამხდელის ფული მასვე დაუბრუნდება და შედეგებისკენ უთითებენ – ბრიტანეთში ბოლო სამი თვის განმავლობაში უმუშევრობა 0.1 პროცენტით შემცირდა, 65 000 ადამიანი დასაქმდა, აქედან 61 000 ლონდონში, რაც აშკარად თამაშებს უკავშირდება. თუმცა ცხადია, ეს ნაწილობრივ დროებითი სამსახურებია.

ორგანიზატორების მნიშვნელოვანი გამოწვევა ტრანსპორტია. ეს უკანასკნელი ყველაზე სუსტ რგოლად შეაფასა ოლიმპიურმა კომისიამ 2005 წელს, წინადადების განხილვის დროს. ლონდონის მერმა მოსახლეობა მოსალოდნელი პრობლემების შესახებ გააფრთხილა კიდეც და მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.

პირველი ინციდენტი უკვე მოხდა. რამდენიმე დღის წინ ამერიკელი და ავსტრალიელი სპორტსმენებით დატვირთული ავტობუსები დაიკარგა და ოლიმპიურ სოფელს რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ აგნებდა – დაქირავებული მძღოლების დიდი ნაწილი ლონდონიდან არაა და გზის გაკვლევა უჭირს. ხანგრძლივი მგზავრობით უკმაყოფილო სპორტსმენები სოციალურ ქსელებში გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას.

ამას ემატება ტურისტების მოზღვავებით გამოწვეული უსაშველო საცობები და ლონდონელი ტაქსისტების უკმაყოფილება იმით, რომ ოლიმპიადისთვის მოწყობილ გზის სექციებზე მხოლოდ იმ ავტობუსებს და მანქანებს უშვებენ, ვინც სპორტსმენებს და VIP სტუმრებს გადააადგილებს. სხვებისთვის კი მაღალი ჯარიმებია დაწესებული.

არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა უსაფრთხოება.

“ბედი მქონია, ბრიტანეთის მხარდასაჭერად ხტუნვის განწყობა რომ არ მაქვს, იმიტომ რომ ოლიმპიური თამაშების დროს ლონდონში დარჩენა ამიკრძალეს. პოლიციამ და პრობაციის სამსახურმა გადაწყვიტეს, რომ საფრთხეს წარმოვადგენ. ეს ნათლად აჩვენებს, თუ როგორ აფასებენ ისინი ბრიტანეთის სასჯელაღსრულებითი სისტემის რეაბილიტაციურ შესაძლებლობებს”, – განაცხადა Pink Floyd-ის ლეგენდარული გიტარისტის, მულტიმილიონერი დევიდ გილმორის ვაჟმა ჩარლი გილმორმა ციხიდან გამოსვლისას თვის დასაწყისში. კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი შარშანდელ პროტესტში მონაწილეობდა და გასულ ივლისს დააპატიმრეს, როდესაც LSD-ს, ვისკის და ვალიუმის ზემოქმედების ქვეშ კენოტაფზე აძვრა და დროშას ჩამოეკიდა.

როგორც ჩანს, ორგანიზატორები შარშანდელი პროტესტის განმეორებას უფრთხიან. მით უმეტეს, რომ მილიარდობით გირვანქა სტერლინგი, რაც ოლიმპიადაზე ბიუჯეტიდან იხარჯება, “მეამბოხეებს” სულ სხვა მისამართზე სურდათ გაეშვათ.

ჩარლი გილმორი კენოტაფზე
თუმცა მთავარი საფრთხე მაინც ტერორიზმია.

1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადა თვალნათელი მაგალითია იმისა, თუ რა მასშტაბის ტრაგედიით შეიძლება დასრულდეს ყურადღების მოდუნება ამ მიმართულებით. მით უმეტეს, რომ დიდი ბრიტანეთი, ამერიკასთან ერთად, უკვე წლებია ტერორისტების მთავარი სამიზნეა.

შესაბამისად, გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს ის აჟიოტაჟი, რაც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაქირავებული მულტინაციონალური კომპანიის, G4S-ის დირექტორის განცხადებამ გამოიწვია – ბატონი ნიკ ბაკლი ოლიმპიადის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გამოტყდა, რომ თანამშრომლების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა.

საკითხის გადასაჭრელად, დამატებით 3500 ბრიტანელი ჯარისკაცის გამოძახება გახდა საჭირო. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც ახლახან დაბრუნდა ავღანეთიდან. სულ, ოლიმპიადას 17000 სამხედრო დაიცავს.

Washington Post-ის ინფორმაციით, ამერიკელი სამართალდამცავები პირად საუბრებში ჯერ კიდევ გასულ წელს ამბობდნენ, რომ ლონდონის თამაშების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი პერსონალის მოგროვება შესაძლოა პრობლემა გამხდარიყო. იგივე გამოცემა, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ათეულობით აგენტი გააგზავნა ლონდონში ამ მიმართულებით სამუშაოდ.

ბრიტანეთის კონტრდაზვერვისა და დაზვერვის უწყებებმა (MI5, MI6) მონაცემები შეაჯერეს და ხუთბალიან შკალაზე ტერორიზმის საშიშროება 3 ბალით შეაფასეს. ეს უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე გასული 11 წლის განმავლობაში იყო. თუმცა, არავის ავიწყდება ტრაგედია, რაც 2005 წლის ივლისში დატრიალდა – წლევანდელი ოლიმპიადის მასპინძლად ლონდონის გამოცხადებიდან მეორე დღეს ტერორისტული აქტების სერიამ 56 ადამიანი იმსხვერპლა.

ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ სამხრეთ ლონდონში გაშენებული ოლიმპიური პარკი გასამხედროებულ ტერიტორიას ჰგავს. 14 ივლისიდან სამეფო საჰაერო და სახმელეთო ძალებმა დედაქალაქის გარშემო 45-კილომეტრიანი ზონის კონტროლი დაიწყეს. კომერციული ავიარეისების გარდა, ქალაქის თავზე ყველანაირი გადაფრენა აიკრძალა. დამკვირვებლები ირონიით აღნიშნავენ, რომ ასეთი მობილიზაცია ბრიტანეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გამოუცხადებია.

 

კომენტარები